02.ივნისი .2020 18:58

"ივნისში სასტუმრო 30%-40%-ით დაიტვირთება" - "ლე მერიდიენ ბათუმის" მოლოდინები

views 539
უკან

ივნისში სასტუმრო 30-40%-ით დაიტვირთება, - ამის შესახებ BM.GE-ის „ლე მერიდიენ ბათუმის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა კატია აბსანძემ განუცხადა. მისი თქმით, სასტუმრო გახსნისთვის მზადაა და ადგილობრივი ბაზრიდან ჯავშნებიც აქვთ.

„ლე მერიდიენ ბათუმი" მზად არის გასახსნელად. 8 ივნისიდან ვიხსნებით სრულად, ეს იქნება ფრანგულ-ქართული კონცეფციის რესტორანი, სპა, დახურული და ღია აუზები, იმ რეგულაციებთან ერთად, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა, ასევე, ვხელმძღვანელობთ Marriot-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, რადგან „ლე მერიდიანი“ Marriot-ის პროექტია. ყველა რეგულაცია დანერგილია, სტაფი გადამზადებულია და მოუთმენლად ველით სტუმრებს. ძირითად გათვლას ამ ეტაპზე ვაკეთებთ შიდა ტურიზმზე, ვთანამშრომლობთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან. სპეციალური ფასი გვაქვს ადგილობრივი დამსვენებლისთვის. ივნისის ჯავშნები სწორედ ადგილობრივი ბაზრიდანაა“, - ამბობს კატია აბსანძე.

რაც შეეხება იმას, აქვთ თუ არა უცხოელი ტურისტებისგან ჯავშნები ან რამდენადაა ინტერესი, კატია აბსანძე ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები უკვე რეკავენ და იკვლევენ ბაზარს, რათა საზღვრის გახსნის შემთხვევაში, ჩამოსვლა შეძლონ, ამიტომ სასტუმროში იმედოვნებენ, რომ ივლისში დატვირთვა გაიზრდება.

"არის ზარები და ჯავშნები მეზობელი ქვეყნებიდან - რუსეთიდან, ასევე, ყაზახეთიდან და ისრაელიდან. ყველა ძალიან ელოდება საზღვრების გახსნას; გვირეკავენ, იკვლევენ, რომ როგორც კი საზღვრები გაიხსნება, ჩამოვიდნენ ჩვენთან.
ივნისში დატვირთვა, ჯერჯერობით, 30%-40%-ია, თუმცა ივნისი, ივლისი, აგვისტო აჭარისთვის საკმაოდ მაღალი დატვირთულობის პერიოდია, ამიტომ იმედი გვაქვს, პანდემიიდან გამომდინარე, სასტუმრო 70-80%-ით დაიტვირთება", - ამბობს „ლე მერიდიენ ბათუმის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

ამასთან, კატია აბსანძე აცხადებს, რომ სხვადასხვა ბაზრების მიმართულებით აქტივობაზე სასტუმროს მენეჯმენტი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად იმუშავებს. „საზღრების გახსნასთან ერთად, საქართველო რა პრომოციასაც მოახდენს, იმ ბაზრებზე მივებმებით. ევროპის ქვეყნებია აქტიური; მაგალითად, გერმანია, საიდანაც ძალიან აქტიური მოთხოვნა იყო პანდემიამდე“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სასტუმროში მომსახურების ფასს, ივნისში ნომრის ღირებულება 2 ადამიანზე საუზმით 125 დოლარი იქნება, ხოლო ივლისში - 290 დოლარიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა