მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იყო ერთი სახე და მეორე მოდის" - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი სამთავრობო ცვლილებაზე

602f9d5c7e8fd
ინგა მურუსიძე
19.02.21 15:31
971
"ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი სამთავრობო ცვლილებებს აფასებს. ის ფიქრობს, რომ თუ გარდამავალი პერიოდი უმოკლეს დროში დასრულდება, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლებას ნეგატიური გავლენები არ ექნება.

„გიორგი გახარიასთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ იყო, ყველა საკითხში იყო ჩართული, თუმცა პრობლემა იყო არა კერძო-საჯარო დიალოგის რაოდენობა, არამედ მისი ხარისხი. ბევრი საკითხი არ წყდებოდა, ბევრი თემა იწელებოდა დროში. ეს ზოგადად, პრემიერ-მინისტრის ბრალიც არ იყო, ეს სისტემის ბრალია. რაც შეეხება მისი გადაწყვეტილების დადებით და უარყოფით გავლენებს, ვინაიდან სწრაფად ხდება ახალი კაბინეტის დაკომპლექტება, ძალიან კარგია, თუნდაც ძველი სახეებით. ახლა რომ ორი კვირა გახდეს საჭირო ახალი მთავრობის დასამტკიცებლად, შეიძლება ამან ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენოს ზოგადად; როდესაც მაშინვე დაასახელეს პრემიერობის კანდიდატი, ნიშნავს იმას, რომ დიდი არაფერი შეიცვლება ამ თვალსაზრისით, იყო ერთი სახე და მოდის მეორე“, - განაცხადა მან.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის აზრით, დღეს მთავრობას ძალიან კარგად ესმის, რომ ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე გადის და პრემიერის ცვლილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში უარყოფით გავლენას არ მოახდენს. "მით უმეტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ინსაიდერია და არა - აუთსაიდერი, მინისტრი იყო, მთავრობის წევრი და მან აბსოლუტურად კარგად იცის, რა სჭირდება ბიზნესს", - აღნიშნა მან. 

„ბიზნესთან მიმართებაში ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობის გამოცდილება გვაქვს, ძალიან ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა მასთან ერთად, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის გვქონდა ძალიან კარგი პრაქტიკა, როცა იგეგმებოდა ვიზიტები საზღვარგარეთ, თან ახლა ბიზნესის წარმომადგენლები... ეს მიდგომა, რომ ბიზნესი უნდა იყოს ჩართული, მას აქვს, ამიტომ უარყოფითი მოლოდინები არ მაქვს. მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა, რადგან ის არის ნებისმიერი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

bm.ge-ის კითხვას - რა საკითხს დააყენებს ირაკლი ღარიბაშვილთან, როცა ის პრემიერის რანგში ბიზნესმენებს შეხვდება, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: "ჩემი სათქმელი არის, რომ ჩვენი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა იყოს დაცული და ხელშეწყობილი".