25.ივნისი .2020 13:08

"ჯანდაცვის სამინისტროსგან სტიმულირების პაკეტის ნაცვლად ე.წ. სადამსჯელო მოთხოვნა მივიღეთ"

views 174
უკან

ჯანდაცვის სამინისტროსგან სტიმულირების პაკეტის ნაცვლად ე.წ. სადამსჯელო მოთხოვნა მივიღეთ, - ამის შესახებ BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტიკარაძის უწყების მიერ სამედიცინო სფეროსთვის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

ვეფხვაძის თქმით, მთავრობა დომინოს პრინციპს უნდა ელოდოს, რადგან ხვალ აუცილებლად გამოჩნდება სხვა რეგულატორი, რომელსაც იგივე მოთხოვნები ექნება, რაც დღეს ჯანდაცვის სფეროს რეგულატორს აქვს.

„ახლა ჩვენი მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველი გავხადოთ და არა პირიქით. ჯანდაცვა ერთ-ერთი ისეთი სექტორია, სადაც ბევრი ინვესტიცია ხორციელდებოდა. პრემიერი საუბრობდა, რომ ჯანდაცვის სექტორში მზადდებოდა სპეციალური სტიმულირების პაკეტი, თუმცა სამინისტროსგან მივიღეთ ე.წ. სადამსჯელო, რეგულირების გაზრდის მოთხოვნა, რაც არაადეკვატურია პრემიერის იმ მოწოდებასთან, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ამიტომ მე მგონია, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ქვეყანაზე, უნდა განიხილებოდეს პრემიერის დონეზე. მინდა გითხრათ, რომ ეს ცვლილებები მთლიანად უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რეგულირების გავლენის შეფასების საკითხი, რადგან ეს არის მაღალი სტანდარტი, რომელიც მთავრობამ დააწესა.

„იმის ნაცვლად, რომ თავი ავარიდოთ ამ სტანდარტების შესრულებას, უნდა შევასრულოთ ისინი. ჩემი მოწოდება და თხოვნაა, შევასრულოთ. კითხვები, რომელიც ისმის ეს არის სტატისტიკური მაჩვენებლები თუ ა.შ. შეიძლებოდა წინასწარ დათვლილიყო, წარმოდგენილიყო დოკუმენტის სახით და მერე გამართულიყო მსჯელობა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმად, უწყება ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა