30.ნოემბერი .2020 13:03

"ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობაში ჩავერთეთ" - რა გეგმა აქვს მთავრობას?

"ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობაში ჩავერთეთ" - რა გეგმა აქვს მთავრობას?
views 446
უკან

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობაში ჩართვას იწყებს. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ჩართულობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ შეიძინა ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი თურქეთში, რომელთაგან ორი უკვე ჩამოვიდა და რუხის კლინიკაში დამონტაჟდა.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, 3-3 გენერატორი დამონტაჟდება ბათუმის და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში, ხოლო დარჩენილი გენერატორები სხვა კლინიკებს მიეწოდებათ.

ნათია თურნავას თქმითვე, დღიურად, საქართველოს კლინიკები 80 ტონა სამედიცინო ჟანგბადს მოიხმარენ და ამ მოცულობის 90% ადგილობრივი წარმოებით იფარება.

"პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დავეხმარეთ ჟანგბადის საწარმოებს, რომ ახალი დანადგარები დაემონტაჟებინათ ან მწყობრიდან გამოსული დანადგარები შეეკეთებინათ. გარდა ამისა, თურქეთში  ჟანგბადის 10 ახალი გენერატორი შევიძინეთ, თითო აწარმოებს დღეში 1 ტონა ჟანგბადს. ორი აპარატი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში. სამი დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და კიდევ სამი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დარჩენილი დანადგარები გადანაწილდება სხვა კლინიკებში. ასევე, ხელი შევუწყვეთ კერძო კლინიკებს, რომ თავად შემოეტანათ გენერატორები“, - ამბობს თურნავა.

მისივე თქმით,  საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის ხელშეწყობის კუთხით ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს.