მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანმოს რეკომენდაციას ვერ შევცვლით" - როგორია ალგორითმი სწრაფი ტესტების გაკეთებაზე

5e831f823b1bb
ინგა მურუსიძე
31.03.20 14:56
828
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ის ალგორითმი, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება და რომელზე მუშაობასაც დღეს დაასრულებს ჯანდაცვის სამინისტრო ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, მათ შორის იმაზეც, თუ ვინ უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ყველა კერძო კლინიკა იქნება ვალდებული, რომ ტესტის შეძენის და მოქალაქეებისთვის შეთავაზების შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რათა ერთიან სისტემაში მოხდეს ანგარიშგება და ტესტების შედეგების სწორი ინტერპრეტაცია იმისთვის, რომ ეპიდემიის მართვა იყოს ადეკვატური.

„ამ შემთხვევაში ცალსახად მიუღებელია ტესტირების პირდაპირი რეკლამირება პაციენტებთან, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კომპეტენცია იმისთვის, რომ იცოდნენ, სჭირდებათ თუ არა სწრაფი ტესტი და რა შედეგს გამოიღებს ეს ტესტირება ან როგორ მოხდება ამ ტესტირების შედეგების გამოყენება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ როდის გეგმავს სამინისტრო კითხვარიდან ამოიღოს პუნქტი, ტესტირების საჭიროებაზე, როცა ანამნეზი მოგზაურობას ან უცხოელთან კონტაქტს ეხება, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ „ეს ჯანმოს რეკომენდაციაა და შეცვლა არ იგეგმება“.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების ცვლილება ქვეყნების დონეზე გამართლებული პრაქტიკა არ არის და საქართველო ამ ცვლილებას არ განახორციელებს.

„ალგორითმი, რომელიც მუშავდება, ითვალისწინებს ტესტირების გაფართოებას და ტესტირებით მოცვის გაფართოებას არა მხოლოდ მოგზაურობის ანამნეზთან დაკავშირებული პირებისთვის, არამედ იმ პირებისთვისაც, ვისაც შეიძლება ჰქონდეს რთული კლინიკური სიმპტომები, რაც შეიძლება მიანიშნებდეს COVID-19-ის არსებობას, ასევე სხვა მაღალი რისკის პირებში. ამდენად, განმარტების თვალსაზრისით მივყვებით ჯანმოს. რაც შეეხება იმას, რომელი ჯგუფი დაექვემდებარება ტესტირებას, ამაზე პასუხს გასცემს ის ალგორითმი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი როგორც კლინიცისტებისთვის, ასევე - საზოგადოებისთვის”, - განაცხადა გაბუნიამ.