16.ივლისი .2020 19:07

"ჯარიმები ვზარდოთ და პარკირების ადგილები შევამციროთ, არ იქნება სწორი" - რევაზ არველაძე

"ჯარიმები ვზარდოთ და პარკირების ადგილები შევამციროთ, არ იქნება სწორი" - რევაზ არველაძე
views 602
უკან

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, წესრიგდება ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ნებართვის მქონე ტაქსის გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებასთან, სატრანსპორტო საშუალების 3 თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვებასთან, დედაქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევასთან და ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საკითხები. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე ინიცირებულ ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა აქვს შენიშვნებიც.

„ეს კანონპროექტი ზოგადად მხარდასაჭერია, რადგან კანონდამრღვევი უნდა დაჯარიმდეს, მაგრამ იმას თუ აქცევთ ყურადღებას, თუ რამდენად გვარდება თავად პრობლემა და რამდენად იზრდება პარკრების ადგილები. თბილისში, რასაც ვუყურებ პირიქით ხდება. სწორედ პარკირების ადგილები მცირდება, როცა ქუჩების რეკონსტრუქცია ხდება, სავალი ზოლებიც ნაკლები ხდება და ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილებიც მცირდება. ჯარიმებიც ვზარდოთ უსასრულოდ და მეორე ნაწილს არ მივაქციოთ ყურადღება, არ იქნება სწორი“, - განაცხადა  არველაძემ.

ინიცირებულ კანონპროექტში შესატანი ძირითადი ცვლილებები ასე გამოიყურება:

ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა არ არის გაცემული და რომლის პარკირებაც ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ არ არის დაშვებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას სატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება საქმიანობისათვის, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით ხორციელდება, თუ ეს პარკირების ადგილი ამგვარი საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი, სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა