მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯარიმებთან ერთად, ქულების ჩამოკლება ჭკვიან კამერებს უნდა მიებას" - ეკა ლალიაშვილი საგზაო წესებზე

631608c52d733
თათია ჩაფიჩაძე
05.09.22 22:19
819
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ფულად სანქციებთან ერთად, ქულათა ჩამოკლების არსებული მოდელიც უნდა გამკაცრდეს და საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრირების ნაცვლად ჭკვიან კამერებთან იყოს მიბმული.

„ვფიქრობ, ამ ცვლილებების წარდგენა და ძალაში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა პუნქტი გზებზე უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება. მაგალითად, წლებია დასახლებულ პუნქტში დრიფტი გვაწუხებს,რადგან არაერთი ადამიანი დაღუპა ამ უკანონო რბოლებმა. ასევე პრობლემაა სიჩქარის გადაჭარბება - ეს კანონპროექტი იმ აგრესიულ მძღოლებს ეკუთვნით, რომლებიც გაზს ფეხს გააზრებულად აჭერენ. სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმა, რომ იზრდება კარგია, მაგრამ, ამ კატეგორიის მძღოლებისთვის შესაძლოა პრევენციული საშუალება მხოლოდ ეს არ იყოს. ჯარიმებთან ერთად, ვფიქრობ ქულათა ჩამოკლება, რომლის ადმინისტრირება დღეს საპატრულო პოლიციის მიერ ხდება, ჭკვიან კამერებთან უნდა იყოს მიბმული. ქულათა სისტემამ, ისე როგორც ველოდით, არ იმუშავა და როცა რაღაც არ მუშაობს, მყისიერი რეაგირებაა საჭირო.

რაც შეეხება ღვედებს, 2010 წელს უსაფრთხოების ღვედების გამოყენებაზე, ქალაქის გზებზე მძღოლისა და წინ მჯდომი მგზავრისთვის, კანონი მივიღეთ და ამის ეფექტი მაშინვე დავინახეთ. ეფექტი 15%-ით დაზიანებისა და სიკვდილიანობის შემცირება იყო. ის ეტაპი დადგა, როდესაც ღვედები უკანა სავარძლებზეც უნდა გამოვიყენოთ. ეს საერთაშორისო გამოცდილებაა, რაც მგზავრს იცავს. ასევე პრობლემაა საბავშვო სამგზავრო სავარძლები და იმედი მაქვს შსს ამ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს,“ - განაცხადა ლალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ახალი საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა. ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება – მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ასევე იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც პირის 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი გახდება.

ამასთან, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარის.

ასევე დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი. ჯარიმის ოდენობა 300 ლარია. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.