მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯარის ქალაქი" - ჯარისკაცების ახალი უბნის მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება

60f28a784c9aa
BM.GE
17.07.21 11:38
2131
ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, "ჯარის ქალაქის" - Army City-ის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი „ჯარის ქალაქი“, რომელიც გათვლილია 1050 სამხედრო მოსამსახურეზე 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.

„ჩვენ „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დავიწყეთ. თქვენ ხედავთ, რომ უკვე 28 კორპუსი არის აშენებული. ძალიან მაღალი ტემპით მუშაობს სამშენებლო კომპანია და ეს პროექტი „ჯარის ქალაქი“, რომელიც გათვლილია 1050 სამხედრო მოსამსახურეზე დასრულდება 2022 წლის ზაფხულში. პროექტი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ეს არის პირველი ფაზა, 1050 სამხედრო მოსამსახურეზე და შემდეგ ხუთი ასეთი პროექტის დაწყება არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე და ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება, ახალი უბანი, ახალი ქალაქი. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა იქნება.

დღევანდელი მდგომარეობით, 32 საცხოვრებელი კორპუსი მშენებლობის პროცესშია, სადაც ძირითადად მონოლითური სამუშაოები ხორციელდება - ხდება სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები, ქვედა სართულებზე კი, მიმდინარეობს ბლოკის წყობა, ბინების ერთმანეთისგან გამიჯვნა სამეზობლო ტიხრებითა და შიდა ტიხრებით, ასევე მიმდინარეობს ლითონის დამუშავების სამუშაოები ფასადისთვის. დანარჩენ 7 საცხოვრებელ კორპუსზე კი, სრულდება ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ამხანაგობა. ამხანაგობის მონაწილეები არიან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეები. 2022 წლის ბოლოსთვის სამხედროები „ჯარის ქალაქში“ თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

„ჯარის ქალაქში“ სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ, არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. „ჯარის ქალაქში“ მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, შიდა გზები, რეკრეაციული და პარკირების ზონები.