მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯერ 18-მეტრიანი ავტობუსები უნდა შემოსულიყო და მეტროს რეაბილიტაცია შემდეგ დაწყებულიყო" - ელენე ხუნდაძე

63db973a4a856
თათია ჩაფიჩაძე
05.02.23 14:00
2043
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ანონსი გაავრცელა. მერის თქმით, რეაბილიტაცია 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება, 2 თვე კი მეტროსადგური სრულად დაიკეტება.

18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანამდე რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას უარყოფითად აფასებენ სატრანსპორტო მიმართულებით მომუშავე ექსპერტები. „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას ელენე ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე გადაადგილება არასაკმარისი ავტობუსების გამო მეტროს ფუნქციონირების პირობებშიც ჭირს.

„მეტრო სისტემას რეაბილიტაცია სჭირდება იმის გამო, რომ ათწლეულების განმავლობაში კაპიკი არ ჩადებულა მისი განვითარებისთვის. ეს არ არის კომფორტის საკითხი, არამედ უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხოების. ინვესტიციის ნაკლებობის გამო, მეტროს ბევრი პრობლემა აქვს დაგროვილი. ეს არ არის ტრანსპორტი, სადაც უცებ მოგვარდება საკითხი, საჭიროა წლების განმავლობაში ხდებოდეს თანხების გადანაწილება და ასე, ერთდროულად არ მოხდეს სისტემაში ჩარევა. გოცირიძის შემთხვევაშიც ვიცით, რომ შეფერხებები მოსახლეობაზე რთულად მოქმედებს, არ არის გამორიცხულ, რომ ბევრი მიზეზით რეაბილიტაციის პროცესში გადავადება კიდევ მოხდეს.

რა შედეგი მოჰყვება რიცხვებში ვარკეთილის შემთხვევას, ამის თქმა რთულია, თუმცა იქ დღემდე ძალიან ჭირს გამტარობა. მომსახურება არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, იმის გამო, რომ ავტობუსების ქსელის დაგეგმილი ვერსია გაშვებული არ არის. რომ შეხედოთ დაგეგმილ ქსელს და არსებულს, ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სანამ 18-მეტრიანები არ შემოვა ქსელი ვერ ჩამოყალიბდება. მეტროს ფუნქციონირების პირობებშიც მოსახლეობას ძალიან უჭირს გადაადგილება განსაკუთრებით კი პიკის საათებში. წესით, ჯერ ეს ავტობუსები უნდა შემოსულიყო და მეტრო პარალელურად მიჰყოლოდა, თუ ცხადია საფრთხის შემცველი არ არის ადგილზე ვითარება კაბელების, ვენტილაციის თუ სხვა ტექნიკური მიზეზების გამო, როგორც ეს მაგალითად გოცირიძეზე იყო. თუმცა ამ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საჩქარო იყო ვარკეთილის რეაბილიტაცია.

იმედია, მეტროს დახურვის პირობებში დაამატებენ ავტობუსის რეზერვებიდან რაღაც მოცულობებს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ესეც როგორ ჩაანაცვლებს მეტროს, რადგან მას გაცილებით მაღალი გამტარობა აქვს.“ - განაცხადა ხუნდაძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა 13.4-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს “ბადა ქონსთრაქშენთან” გააფორმა. აღნიშნული კომპანია კიდევ ერთი გამარტივებული კონტრაქტით მეტრო ავლაბრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.