მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

5de792358167f
შოთა ტყეშელაშვილი
04.12.19 15:12
5334
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის შეთანხმება შედგა. „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „ჯიპიაი ჰოლდინგი" ავრცელებს. 

„ჯიპიაი ჰოლდინგში" აცხადებენ, რომ ეს მათი ევროპელი აქციონერების მოწოდებებთან არის თანხვედრაში, რომლებიც, კომპანიის მენეჯმენტს სადაზღვევო საქმიანობაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებდნენ. 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ამბობს, რომ კლინიკისთვის ახალი მფლობელის შერჩევაზე მათ საკმაოდ დიდი დრო დახარჯეს.

„ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ ჩვენს ძირითად ბიზნესზე - სადაზღვევო საქმიანობაზე და განვავითაროთ ის მიმართულებები, რაც ამ ბიზნესს უკავშირდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, რადგან ახალი მფლობელის შერჩევის პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი ინვესტორი ყოფილიყო ძლიერი პარტნიორი, რომელიც ღირსეულად გადაიბარებს დაწყებულ საქმეს და იქნება საიმედო როგორც ჩვენთვის, ისე „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომლებისთვის", - ამბობს პაატა ლომიძე. 

პაატა ლომიძის თქმით, ამ ბიზნესიდან გასვლის მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და მასში შექმნილი არაპროგნოზირებადი გარემოა.

„ჩვენი მოტივაცია, ეს ბიზნესი ახალი ინვესტორისთვის გადაგვებარებინა იმდენად დიდი იყო, რომ დავთანხმდით გარიგების თანხას, რომელიც ჩადებულ ინვესტიციას ვერ იღებს. დასაწყისიდანვე ჩვენ არ ვუყურებდით ამ მიმართულების განვითარებას, როგორც მხოლოდ მოგების გენერირების საშუალებას, უფრო მეტიც - ჰოსპიტალური კლინიკების მშენებლობა მაშინდელი ბაზრის კონიუნქტურის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენ დავყევით, რომ შეგვენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია და ინვესტიციაც ამ მიზნით განვახორციელეთ.“

„ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაარსდა. მისი ქსელი 17 კლინიკას აერთიანებს საქართველოს 5 რეგიონში, რომელთა მშენებლობა 2010-2011 წლებში განხორციელდა: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. კლინიკების მშენებლობასა და განვითარებაში 2010-2011 წ.წ. ათეულობთ მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდა.

„ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ღირებულება იყო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსახლეობისთვის რეგიონებში. ვამაყობთ, რომ დღეს “ჯეო ჰოსპიტალსი” გამორჩეული კლინიკების ქსელია და პაციენტების 95% კმაყოფილია მისი მომსახურებით. ჩვენი როგორც სადაზღვევო კომპანიისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება.

რაც შეეხება "ჯიპიაი ჰოლდინგის" ამ განაცხადს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი აქციონერის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ როლი ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სადაზღვევო მიმართულება უნდა იყოს. გვიხარია, რომ ამ ნაბიჯითაც ვხდებით ევროპული ბიზნესის მაგალითები ქართულ ბაზარზე!", - ამბობს ჯიპიაი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი პაატა ლომიძე. 

კომპანიის ინფორმაციით, „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სადაზღვევო ბიზნესის სხვა სფეროებისგან გამოყოფას და მთავარ საქმიანობაზე ორიენტირებას მიიჩნევს. ინვესტორები ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდისთვის დიდ პოტენციალს, მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილების და ბაზარზე რეფორმების გაგრძელებაში ხედავენ.