მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისი" სამართლიან კონკურენტულ პირობებს ითხოვს

61e977473e1b3
ანუკა ჯოხაძე
20.01.22 22:55
1013
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" გაკოტრება/რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. კომპანიას 16 ათასი მგზავრისა და ათობით კომპანიის ვალი აქვს, რაც 176 მილიონი ლარს უტოლდება. კომპანიის მენეჯმენტი ამ ეტაპზე რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობს, რომელიც მზად ორ თვეში იქნება.

დღეს "ჯორჯიან ეარვეისსა" და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეხვედრა შედგა, რომლის დასრულების შემდეგ BLC-ის პარტნიორმა და “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენელმა გიგა ბათლიძემ BM.GE-ის განუცხადა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო სახელმწიფოს ჩართულობა კომპანიის რეაბილიტაციის პროცესში. ბათლიძის განმარტებით, სამინისტრო ამ პროცესს სრულად მხარს უჭერს.

მისი თქმით, კომპანიის მხრიდან იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ სხვა ავიაკომპანიებთან მიმართებით სამართლიანი კონკურენტული პირობების დაწესებას, "ჯორჯიან ეარვეისის" რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

უფრო კონკრეტულად, ბათლიძის განმარტებით, საქართველოში ოპერირებად დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს და "ჯორჯიან ეარვეისს" თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ.

“ამ ეტაპზე კომპანიის პოზიცია არის ის, რომ მთელ რიგ მიმართულებებზე აღდგეს ე.წ პარიტეტულ საწყისებზე ფრენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ქვეყნის ავიახაზები თუ საქართველოში დაფრინავს, საქართველოს ავიახაზებიც პარიტეტულ საწყისებზე იფრენს იმ ქვეყანაში. ეს არის კომპანიის პოზიცია. ასევე კონკურენტუნარიანობის ნაწილში საუბარი არის გადასახადების და მოსაკრებლების ნაწილზე, სადაც კომპანიას აქვს მოსაზრება, რომ "ჯორჯიან ერვეისი" რაღაც პერიოდების განმავლობაში არც თუ ისე სამართლიან პირობებში იყო, აქაც გარკვეული გათანაბრება, რომ მოხდეს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ კომპანიის ისტორიულ რეისებზე, რომელშიც წლების განმავლობაში ინვესტიციებია განხორციელებული და ამ მიმართულებებზე გარკვეულწილად ძალისხმევაა გაწეული, კომპანიის ადგილი არ იყოს არასამართლიანი კონკურენციის პირობებით შევიწროებული, ეს გარკვეულწილად დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებსაც ეხება. უნდა შეძლოს "ჯორჯიან ეარვეისმა" ისეთი ბილეთის ფასის შეთავაზება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება", - აცხადებს “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენელი გიგა ბათლიძე.