13.ოქტომბერი .2020 18:13

"ჯორჯიან მანგანეზი": ელექტროენერგიის ასეთი მაღალი ფასი აქამდე არ ყოფილა

views 433
უკან

ელექტროენერგიის ასეთი მაღალი ფასი, რაც ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს, მანამდე არ ყოფილა - ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს. bm.ge-სთან საუბარში ის ადასტურებს, რომ თუ ბაზარზე მსგავსი ფასი თვეების განმავლობაში შენარჩუნდა, ამ სექტორში საქმიანობას აზრი არ ექნება.

მიუხედავად გაძვირებული ელექტროენერგიისა, "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ ტარიფს თავისი ობიექტური ფაქტორები განაპირობებს და ეს “არავის ბრალი არ არის”, თუმცა კომპანიის სურვილია, კრიზისულ პერიოდში მაინც, მხარეები გარკვეულ შუალედურ ტარიფზე შეთანხმდენ.

“ზაფხულის პირობებში გიგავატი ელექტრონერეგია 27 დოლარადაც გვაქვს ნაყიდი და დღეს 45 დოლარადაც გვაქვს შეძენილი.... მოვუწოდებდით, ყველა მოთამაშეს ენერგოსექტორში, რომ ერთობლივად განგვესაზღვრა ის ოქროს შუალედი, რომელიც ყოველთვის ძნელად მისაღწევია. ეს ზოგადად თავისუფალი ბაზრის პრინციპებში არ ზის, მაგრამ როცა საუბარი გვაქვს კრიზისზე, ვგულისხმობთ, რომ საჭიროა, უზრუნველვყოთ მდგრადობა სექტორში და არა ჩვენს კომპანიაში”,- აცხადებს “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი.

ენერგოგენერაციის მიმართულებით ახლა საქართველოსთვის ყველაზე რთული პერიოდი იწყება. ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება შემოდგომასა და ზამთარში მცირდება, შესაბამისად, ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტი ესაჭიროება, რაც გაუფასურებული ლარის პირობებში კიდევ უფრო ძვირი ჯდება. ეს საკითხი კი, ფეროშენადნობების წარმოებისთვის სენსიტიურია, რამდენადაც მათ წარმოებაში ელექტროენერგიას თვითღირებულების 25%-30% უჭირავს.

“2020 წელი დარგისთვის აღმოჩნდა დიდი გამოწვევების მქონე. წლის დასაწყისში პანდემიური პროცესები დაიწყო, რაც აბსოლუტურად ახალი ტიპის გამოწვევა იყო, რომელსაც, ვფიქრობ, დარგმა კარგად გაართვა თავი. კომპანიაში COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პანდემიის გამო არ შეგვიწყვეტია მუშაობა და ყველა ობიექტი იყო გამართულ და მუშა მდგომარეობაში. თავიდან ავირიდეთ ჩვენი ობიექტების გაჩერება და 6500 ადამიანის დათხოვნა სამსახურიდან.

თუმცა, არის ისეთ ფაქტორებიც, რომლებიც არც ჩვენი დარგის, არც მთავრობის მართვის ქვეშ არ იმყოფება. ეს არის მსოფლიო ფასები ჩვენს დარგში. რამდენიმე თვის წინ პროგნოზი გავაკეთე, რომ წლის ბოლომდე 25%-იანი კლება გვექნებოდა დარგში, რაც გამოწვეული იქნებოდა როგორც მოთხოვნის შემცირებით, ასევე ფასების შემცირებით. წლის დასაწყისიდან დღემდე სწორედ ფასების ნეგატიურ დინამიკას ვუყურებდით, მხოლოდ ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში დავინახეთ ფასების დასტაბილურება, რაც იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელს პროგრესი გვექნება და ფასები წავა ზემოთ.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ აღმოგვაჩნდა კიდევ სხვა გამოწვევები, როგორიცაა ლარის კურსი, ელექტროენერგიის ფასი. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დარგისთვის, მით უფრო ელექტროენერგია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი თვითღირებულების, დაახლოებით, 25%-ს, თუმცა არავის ბრალი არ არის, რომ ქვეყანას სახეზე აქვს ცუდი წყალუხვობის წელი და ეს პირველი წელი არ არის; შარშანაც საკმაოდ ცუდი მაჩვენებლები იყო. ვფიქრობ, ამ გამოწვევასაც საკმაოდ კარგად ვუპასუხეთ. შევძელით, რომ შედარებით იაფ ენერგეტიკულ წყაროებთან წვდომა გვააქვს. რა თქმა, უნდა, ეს არ არის ის ნიშნულები, რაც გვქონდა ბიუჯეტში განსაზღვრული, მაგრამ ეს საშუალებას გვაძლევს დღეს ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ძალიან მძიმეა ამ ფასების ატანა, რომელიც დღეს არის ბაზარზე, თუმცა შევძელით, რომ ჩვენი კომპანიის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას”, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა