მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი: რთული გამოწვევა განვითარების ახალი შესაძლებლობაა

5fc9e31a36093
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 11:55
2929
გართულებული ეპიდსიტუაციის პირობებში, „ჯორჯიან მანგანეზი“ საქმიანობას შეუფერხებლად აგრძელებს. ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ. 

როგორც კომპანიის დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს, ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს დაგროვილმა გამოცდილებამ მათ გამოუმუშავა და შესძინა ის უნარ-ჩვევები, რაც კომპანიაში უწყვეტი სამუშაო ციკლის შესანარჩუნებლად არის საჭირო.

ლომინაძის თქმით, კომპანია და მისი პერსონალი, როგორც ხელმძღვანელობა, ასევე, რიგითი თანამშრომლები ზედმიწევნით ასრულებენ იმ მითითებებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციები გასცემენ.

მისი განცხადებით, გარკვეულწილად, სწორედ ამ მითითებების ზედმიწევნით შესრულებაა იმის გარანტი, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“, ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, დღემდე უწყვეტი ციკლით ოპერირებს.

„მიმდინარე წელი იყო საკმაოდ რთული პერიოდი აბსოლუტურად ყველა დარგისთვის და, მათ შორის, ფეროშენადნობების ინდუსტრიისთვის. სახეზე გვაქვს ამ ტიპის პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება ექსპორტი შემცირდა როგორც დასავლეთის, ასევე - რუსეთის ბაზრებზე. „ჯორჯიან მანგანეზის“ პროგნოზით, ეს შემცირება დაახლოებით 20- 25 %-ის ფარგლებში იქნება. ამ მიზეზით, წლის მეორე ნახევარში კომპანია იძულებული გახდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში წარმოების მოცულობა შეემცირებინა. თუმცა, წარმოება არ შემცირებულა ჭიათურაში. იქედან გამომდინარე, რომ ბაზარზე რთული მდგომარეობა იყო მოთხოვნის თვალსაზრისით, მეორე დარტყმაც მიიღო, რაც განაპირობა ფასების კლების პროცესმა - ბევრმა საწარმომ მიიღო ადეკვატური ზომები, შეამცირა წარმოება და, შესაბამისად, მოხდა ფასების დასტაბილურება. 2020 წლის მეორე ნახევარი ჩვენ დრო დავუთმეთ იმას, რომ მაქსიმალურად გაგვეჩინა ახალი პოტენციალი პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებისთვის, ეს პერიოდი საამისოდ გზების ძიებას დავუთმეთ, რათა ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები გამოგვეკვეთა. შესაბამისად, კომპანიამ უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებებს როგორც ტრეიდერებთან, ასევე, საბოლოო მომხმარებლებთან და იმედი აქვს, რომ 2021 წელს ფასები ისევ გაიზრდება, გაზრდის გასაღების ბაზარს და გაიჩენს ახალ მყარ საერთაშორისო პარტნიორებს, პერსპექტივაში გაიზრდება მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე. როდესაც პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ვსაუბრობთ, აქ, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ჩვენი დასაქმებულების მხარდაჭერაც. ვგულისხმობ კომპანიის თანამშრომლების მხრიდან ყველა რეკომენდაციისა და მითითების ზედმიწევნით შესრულებას, რათა ჩვენს სამუშაო ციკლს საფრთხე არ შეექმნას. ვფიქრობ, დღეს ჩვენს ყველა დასაქმებულს ნათლად აქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის ჩვენი წარმოების შეუფერხებელ მუშაობას და რამდენად დიდი დარტყმა იქნებოდა ყველასთვის, მათი ოჯახებისთვის, რეგიონებისთვის კომპანიის გაჩერება”, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

„ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი დარწმუნებულია, რომ ისევე, როგორც პირველი ტალღისას, კომპანია ამჯერადაც გაართმევს თავს არსებულ გამოწვევებს და საწარმოო ციკლი არ შეჩერდება. მას ეჭვი არ ეპარება, რომ პანდემიით გამოწვეულ გართულებებთან ბრძოლაში გაიმარჯვებენ. მეტიც, როგორც ის აცხადებს, არსებული სირთულეების მიუხედავად, გაჩნდა პერსპექტივა იმისა, რომ კომპანია ახალ ბაზრებზე შევიდეს და დამკვიდრდეს. მისი თქმით, სწორედ ახლა გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა" ახალი პარტნიორები შეიძინოს და, როცა კოვიდსიტუაცია გამოსწორდება, მათთან თანამშრომლობით მიიღონ ის დივიდენდები და შედეგები, რისი პერსპექტივაც აქამდე არ ჩანდა.

„ყველა ის ღონისძიება, რომელიც კოვიდის გავრცელების პრევენციას გულისხმობს, ფინანსური თვალსაზრისით, კომპანიას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება, თუმცა, გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ქართული ექსპორტის ხერხემალია და მისი შეფერხება დაუშვებელია! ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება იმიტომ, რომ ექსპორტში ლომის წილი ამ დარგს უკავია და ამ დარგში ყველაზე დიდი მოთამაშე გახლავთ „ჯორჯიან მანგანეზი. მოხარული ვარ, რომ ამ ყველასთვის რთულ სიტუაციაში აქტიურად არიან ჩართული პროფკავშირებიც და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბევრ საკითხს რაციონალურად ვწყვეტთ “, - აცხადებს ლომინაძე. რაც შეეხება კომპანიის წინაშე წარმოქმნილ სხვა სირთულეებს, "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი აცხადებს, რომ მათ მუშაობასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დიდ ზეგავლენას ელექტროენერგია და მისი ღირებულება. ახდენს. „როგორც ცნობილია, ჩვენს წარმოებაში ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმის გამო, რომ წელს შედარებით უნალექო წელი იყო საქართველოში, ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. შესაბამისად, გაიზარდა ელექტროენერგიის ფასიც.

ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების 25% სწორედ ელექტროენერგიაზე მოდის. თუმცა, ყველა მომწოდებელსა და ტრეიდერთან სწორი ურთიერთობით მივაგენით იმ იაფ რესურსსა და ბალანსს, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ ვიყოთ ზარალიანი ორგანიზაცია. შეიძლება, ჩვენ ვეღარ გავდივართ მოგების იმ მარჟაზე, რაც გვქონდა, მაგრამ დღეს ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კომპანიის მდგრადობა ეჭვის ქვეშ არ დგას და არც ლიკვიდურობის პრობლემა გვაქვს“,- ამბობს მერაბ ლომინაძე. ახლა გვაქვს ორი არჩევანი, ან ვისწავლით ვირუსთან თანაცხოვრებას ან უნდა დაველოდოთ ვაქცინას. ნებისმიერ სირთულეს ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, არამედ - როგორც განვითარების ახალ შესაძლებლობას", - ამბობს "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი.
(NS)