მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზის" ყოფილი ფინანსური დირექტორი ნამახვანის პროექტის დირექტორი გახდა

60630840e5a4b
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.21 15:18
7246
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ნამახვანჰესის" კასკადის პროექტის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე გახდა, რომელიც აქამდე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორის პოსტზე საქმიანობდა. პროექტში ქართველი დირექტორი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით დაინიშნა, რადგან 12 მარტს ეკონომიკის სამინისტროს და კომპანია "Enka Renewables"-ს შორის მიღწეული შეთანხმებით პროექტს ქართველი დირექტორი ეყოლებოდა. 

მერაბ ლომინაძემ დღეს განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება. ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, ასევე შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მლნ ლარიანი ფონდი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.

"მანამ, სანამ არ იქნება დასტური და ვერიფიკაცია იმ კვლევებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იქამდე არ დაიწყება პროექტის ისეთი ნაწილების მშენებლობა, როგორიც არის კაშხალი. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მოკლე ვადაში შევძლებთ ამ კვლევების მომზადებას. ჩემი აზრით, ამას ექვსიდან რვა კვირამდე დასჭირდება", - განაცხადა მერაბ ლომინაძემ. 

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის სამუშაოები მომდევნო 9-12 თვე არ დაიწყება, რადგან იქამდე სხვადასხვა შეფასება უნდა მომზადდეს.

“კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა გამოვყო, რომ უშუალოდ კაშხლის სამუშაოები 9-12 თვემდე შეჩერდება. ამაზე კომპანია დავითანხმეთ. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად. მათ შორის, უცხოელი და ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით. ასევე, კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღეს მედიასთან საკითხზე კომენტირებისას მერაბ ლომინაძეს პრემიერ-მინისტრის განცხადების შესახებ ჰკითხეს, თუ რატომ განსხვავდება მის მიერ და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული ვადები ერთმანეთისგან, რაზეც ლომინაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა. 

ჟურნალისტი: პრემიერმა თქვა, რომ 9-დან 12 თვემდე იქნება ის ვადა, როდესაც არ დაიწყება კაშხლის მშენებლობა. თუ უფრო ადრე გამოქვეყნდება კვლევის შედეგები თქვენ ამ ვადაზე ადრე დაიწყებთ მშენებლობას? 

მერაბ ლომინაძე: მოდით, ასე ვთქვათ, ჩვენ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი. იმხელა არის ამ პროექტის მიმართ ინტერესი, რომ ყველა მხარე იქნება ამაში ჩართული. ცალსახად ამაში იქნება ჩართული საზოგადოება, ცალსახად ამაში იქნებიან ჩართულნი ექსპერტები, აუცილებლად ამაში იქნება ჩართული ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის ის პროექტი, რომელზეც დღეს ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის გადის ქვეყნის დამოუკიდებლობა", - განაცხადა ლომინაძემ.