მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზმა" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და უკანონო ქმედებების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლები ამხილა (R)

5f4f8538838d9
თელარა გელანტია
02.09.20 15:40
1316
"ჯორჯიან მანგანეზმა" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის და უკანონო ქმედებების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლები ამხილა, - ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.

განცხადების ტექსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა და შესაბამისი სამსახურები აქტიურად არინ ჩართულნი კომპანიაში მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების კონტროლის საკითხებში, რის შედეგადაც ბოლო პერიოდში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის" აქტიური თანამშრომლობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილი იქნა, კომპანიის ადმინისტრაციული და სხვადასხვა საწარმოო რგოლის ხელმძღვანელი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები, რომლებიც მნიშვნელოვან მატერიალურ და ფინანსურ ზიანს აყენებდნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზს“, კერძოდ, მათ მიერ ხდებოდა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით მატერიალური ფასეულობების მითვისება და ასევე, კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების არამიზნობრივი გაფლანგვა.

მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გამოვლენილი იქნა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის კომერციული სამსახურის კოორდინატორი, ბუღალტერ-მესაწყობე, ამწეს მემანქანე, მძღოლი, გამამდიდრებელი ფაბრიკა 29-ის უფროსი და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მოქალაქე, რომლებმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებულად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს შპს „ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი, ორგანიზაციის საწარმოების გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობები, რამაც კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა.

ასევე, „ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი, დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოყოფილი საკომპენსაციო დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა შპს „ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად იკავებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის" მოსახლეობაზე მიყენებული ზარალების განმსაზღვრელი კომისიის თავჯდომარის პოზიციას. კერძოდ, მისი მითითებით, სრულიად უსაფუძვლოდ ზარალის განმსაზღვრელი კომისიის მიერ შედგენილი იქნა ზარალის ანაზღაურების აქტი და გაიცა დიდი ოდენობით ფულადი კომპენსაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში მდებარე ისეთ საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე გაცემული იყო ზარალის ანაზღაურების თანხა.

აღნიშნული ქმედებით, ნაცვლად იმისა, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხები მოხმარებოდა რეალურად დაზარალებულ მოსახლეობას, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა შპს „ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი ათეულ ათასობით ლარი, რამაც კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ აქტიურად აგრძელებს არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების გამოვლენას, რომელთა დანაშაულებრივი ქმედება მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას, რაც საბოლოოდ ხელშემშლელი ფაქტორია კომპანიის წინაშე მდგარი სხვადასხვა, მათ შორის სოციალური საკითხების გადაწყვეტაში“, - ნათქვამია განცხადებაში.