მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კადრების დეფიციტის პრობლემა 2023 წელს კიდევ უფრო გართულდება"

63ac480fc925b
ლიკა მეგუთნიშვილი
28.12.22 23:55
1262
“კადრების დეფიციტის პრობლემა 2023 წელს კიდევ უფრო გართულდება” - ამის შესახებ საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია “Insource”-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს დასაქმების ბაზარზე გლობალური კონკურენცია ამოქმედდა. ეს კი, ბიზნესის მხრიდან დაფიქრებასა და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს.

„ფიზიკური თუ გონებრივი სამუშაოს შესასრულებლად გლობალური ბაზრები საქართველოსთვის უკვე ხელმისაწვდომია. ბევრი საუბრობს იმაზეც, რომ მაგალითად მიდიან ევროპასა თუ ამერიკაში სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად. იქ ისინი სხვა ვალუტაში იღებენ ანაზღაურებას და გამომუშავება უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სამშობლოში. გარდა ამისა, შესაძლოა, სულაც არ წავიდეს ადამიანი სხვა ქვეყანაში, ფიზიკურად ისევ საქართველოში იყოს, მაგრამ დისტანციურად ემსახურებოდეს იგივე ევროპისა თუ ამერიკის ბაზრებს. რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა არის ის, რაც უკვე მოითხოვს კარგად დაფიქრებასა და სხვადასხვა გამოსავლის მოძებნას ბიზნესის მხრიდან. მხოლოდ საუბარი, რომ დეფიციტია, ალბათ უკვე დაგვიანდა და მომდევნო წელს ბიზნესი ამაზე საუბრით აღარ უნდა შემოიფარგლოს. ძალიან ბევრი სასწრაფო გადაწყვეტილებაა მისაღები“, - აცხადებს მედეა ტაბატაძე.

“Insource”-ის მმართველი პარტნიორის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით მნიშვნელოვანია, ბიზნესმა თანამშრომლებში ინვესტიცია გაზარდოს და ასევე გამოყოს ის მიმართულებები, სადაც ინვესტიციის შემცირებაა შესაძლებელი.

უპირველესად, ბიზნესმა რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ცალსახად გაიაზროს და შემდეგ მიიღოს ის რეალობა, რომ 2022 და 2023 წლის პრობლემებს წინა წლების გამოცდილებით ვერანაირად ვერ მოვაგვარებთ. სამუშაო ძალის დეფიციტს სწორი ინვესტიცია სჭირდება. ამ მხრივ ბიზნესს სამუშაო რაც აქვს, არის შემდეგი: HR-გუნდთან ერთად დეტალური ანალიზით შეაფასოს ის პოზიციები, რომლებზეც სამუშაო ძალის დეფიციტი პირდაპირ მოქმედებს მის შემოსავალზე და ზარალს იწვევს. ასევე, უნდა იფიქროს იმაზეც, თუ რა არის ის მიმართულებები, სადაც შეუძლია, ინვესტიცია შეამციროს, მაგრამ სამუშაო ძალის დასაქირავებლად - გაზარდოს“, - განაცხადა მედეა ტაბატაძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის მეოთხე კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 66% აღნიშნავს, რომ კადრების მოძიებისას მათ ექმნებათ პრობლემა და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 14.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ ფაქტორებს, გამოკითხულმა კომპანიებმა ძირითადად დაასახელეს აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობა, აპლიკანტთა მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინი და აპლიკანტთა შეუსაბამო გამოცდილება.