14.ივლისი .2022 20:40

"კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს... სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია" - რესტორატორთა ასოციაცია

"კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს... სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია" - რესტორატორთა ასოციაცია
views 5648
უკან

რესტორატორები სექტორში კადრების დეფიციტზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ტურიზმის აღდგენა დაიწყო და სარესტორნო ბიზნესი გამოცოცხლდა. სექტორი აცხადებს, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, ბიზნესი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება. ამ საკითხზე „საქმის კურსში“ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემაც ისაუბრა.

„დღეს ნებისმიერი ოპერატორისთვის არსებობს კადრების პრობლემა. მოზღვავებულია მოთხოვნა როგორც ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან, ასევე ტურისტების მხრიდანაც, ვინაიდან მათი რაოდენობა მზარდია. ხშირად ვამბობდი, რომ შეიძლება რესტორანი არ დარჩეს, რომელიც მომსახურების გაწევას შეძლებს-თქო. დღეს რესტორნები არსებობს, მაგრამ იმ რაოდენობით, რის შესაძლებლობა და პოტენციალიც გვაქვს, ნამდვილად არა.

საქართველო არის გასტროტურიზმის ქვეყანა. სამწუხაროდ, თუ ეს ვითარება არ გამოსწორდა, ძალიან დიდი ლაფსუსი გვექნება და იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს გასტროტურიზმით არიან დაინტერესებულები, შემცირდება. ამიტომ სახელმწიფოს ჩარევა არის აუცილებელი. სახელმწიფო არ უნდა უყურებდეს ამას ისე, რომ ბიზნესმა ეს თავად განავითაროს. ასეთი ჩარევა ყოფილა ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში. ვგულისხმობ, სკოლების შექმნას და შესაბამისი კადრების მომზადებას, რათა ნამდვილ პროფესიად ვაქციოთ ის პოზიციები, რომლებიც რესტორანში გვაქვს. როდესაც პროფესიულ სტანდარტულ კადრებს გაზრდი, მისი ფასი და მოთხოვნაც გაიზრდება. დასაქმებულიც კითხვას აღარ დასვამს, რომ თუ მე ამ სამსახურში წავალ, იქნება თუ არა ხელფასი ადეკვატური“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დღეს სარესტორნო სფეროში ადეკვატური ხელფასებია. როგორც მან აღნიშნა, მიმტანის ხელფასი ძირითადად 1500 ლარზე ნაკლები არ არის.