04.მარტი .2020 12:46

"კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ"

views 477
უკან

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტური ღონისძიებების განხორციელებისთვის, ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდება და  კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზეც დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები.

„კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში ხორციელდება ეფექტური ღონისძიებები, რაც გულისხმობს კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციაში მოთავსებას. იზოლაციაში იგულისხმება როგორც თვითიზოლაცია, ასევე საკარანტინო სივრცეში მოთავსებას ამ პირების. ვინაიდან მათ შორის ბევრი დასაქმებული ადამიანია, ამ პერიოდში მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები შრომის უფლებებთან დაკავშირებით.

ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას, რის საფუძველზეც მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური და დამსაქმებლებისთვის ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება. ადამიანები დადგენილი წესით ვერ იღებდნენ სამედიცინო ფურცელს, ამიტომ მათი მდგომარეობის გამარტივებისთვის შეიქმნა მექანიზმი, რომ ისინი ელექტრონულად განცხადების გამოგზავნის შემდეგ შეძლებენ, რომ სამინისტროსგან ცნობა მიიღონ, რომელიც ჩვენი მონიტორინგის სამსახურისგან გადამოწმდება“, - განაცხადა ადამიამ.

ცნობის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე - info@moh.gov.ge  მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა