მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარფურმა" კუთვნილი თანხა არ გადამიხადა... მათი დამოკიდებულება დამამცირებელია - მეწარმე

60a3c7c919729
ელენე გოგბერაშვილი
18.05.21 19:00
4273
მას შემდეგ, რაც ქართველმა მიმწოდებელმა და სადისტრიბუციო კომპანიებმა საერთაშორისო ბრენდ კარფურის წინააღმდეგ დავა დაიწყეს, ძალიან ბევრი კომპანია გამოჩნდა, რომელიც კარფურის მხრიდან არასამართლიან და არაპარტნიორულ დამოკიდებულებას აპროტესტებს.

ბაგრატ მეზურნიშვილი, ერთ-ერთი იმ ქართველი მეწარმეთაგანია, რომელმაც მსგავსი მიზეზით კარფურთან თანამშრომლობა შეწყვიტა. შინაარსობრივად განსხვავებული ქართული და ინგლისურენოვანი ხელშეკრულება, მიმწოდებლის თანხმობის გარეშე ყოველ ახლადგახსნილ ობიექტზე "შესვლის საფასურის" დაკისრება და თანხები ე.წ მარკეტინგისთვის - ეს ის პრაქტიკაა, რომელსაც მეწარმის თქმით, კარფური მიმწოდებლებთან მიმართებით იყენებს.

ბაგრატ მეზურნიშვილი რამდენიმე დასახელების, დაძველების ტექნოლოგიით ყველს აწარმოებს. როგორც ის bm.ge-სთან ამბობს, კარფურს მათი რამდენიმე ათასი ლარის დავალიანება აქვს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ბრენდს მიწოდებული პროდუქციის საფასური გადაეხადა, პირიქით, გაურკევევლი თანხები დააკისრათ.

„კარფურთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა ახალ წლამდე პერიოდში შევწყვიტე, როცა შევატყვე, რომ თანხას არ მიხდიდა და მიგზავნიდა შეტყობინებას, რომ ჩემი დავალიანება არ ჰქონდათ და პირიქით მე მქონდა მათთვის გადასახდელი ე.წ მარკეტინგული თანხები.

ნაშთზეც არ მპასუხობდნენ. ჩემი ნაშთები არის 12-14 ათას ლარამდე, რადგან მცირე მეწარმე ვარ. თანხები, რაც მეკუთვნის ჩათვლილი აქვთ გარკვეულ მარკეტინგულ გადასახადში. მაგალითად, ერთი თანხა 4060 ლარი არც ვიცი რაში ჩამითვალეს, 9 ათასი ლარიც რაში ჩამომაჭრეს ვერ გავიგე. როცა წერ, რომ მიიღო ახსნა-განმარტება, რა თქმა უნდა ისინი არ გპასუხობენ. მათი დამოკიდებულება მცირე მეწარმეების მიმართ არის ძალიან დამამცირებელი. გამოდის, თითქოს მე ვარ მცირე პიროვნება მათთვის, რაც შეურაცმყოფელია“-აცხადებს ბაგრატ მეზურნიშვილი.

მისი თქით, მეწარმეს კანონი არ იცავს და კარფურის მსგავსად თაღლითურად იქცევიან მცირე რითეილერებიც.

„პატარა მაღაზიებიც ანალოგიურად ვერ გიხდიან კუთვნილ თანხებს და შენ ამ დროს ვერაფერს აკეთებ. ეს ადამიანები შემდეგ სხვა სახელით ფუნქციონირებენ, შენ კიდევ მათთან აღარ თანამშრომლობ. მცირდება სარეალიზაციო ბაზარი და იკუმშება საწარმო. თუ წარმოება წამგებიანი გახდება, რა აზრი აქვს წარმოების ქონას? ერთი გზაა, ან უცხოეთში წახვიდე ან სოციალურად დაუცველი გახდე, რომელიც არამგონია აწყობდეს სახელმწიფოს“-აცხადებს მეზურნიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის გზას წლებია სთავაზობს სახელმწიფო უწყებებს. საუბარია ამერიკული სისტემის ჩვენს რეალობაში დანერგვაზე, როცა პროდუქციის მეწარმიდან, ფერმერიდან შესყიდვას და რეალიზაციას ე.წ დილერი ახორციელებს, რითაც მეწარმე არასამართლიანი მოპყრობისგან დაცულია.

„ჩვენთან კიდევ მეწარმე ბოლო ადგილზეა. წარმოებაზე კი არ გვიწევს ფიქრი, იურისტებთან უნდა ვირბინოთ“ - ამბობს მეზურნიშვილი.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ბრენდ „კარფურის“ წაინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში უკვე შეტანილი აქვს 10 ქართულ კომპანიას და იურისტები კიდევ რამდენიმე სარჩელს ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო ბრენდის დამოკიდებულების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი, გასულ კვირას პარლამენტში რითეილ ასოციაციაც დაიბარეს. კომიტეტის თავმჯდომარე მათი კომპეტენციის ფარგლებში პროცესების გასაჯანსარებლად საკანონმდებლო ცვლილებს არ გამორიცხავს. გამორიცხული არ არის ასევე კარფურსა და ქართველ მწარმოებლებს შორის არსებული დავის გამო კომიტეტში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნას.

რითეილერებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაზე ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტი მუშაობდა, თუმცა პროცესები სამუშაო რეჟიმს ვერ გასცდა. აღსანიშნავია ისიც, რომ  მონიტორინგის შემდეგ ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინეტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების რეკომენდაცია პარლამენტს საქართველოს კონკურენციის სააგენტომაც გაუგზავნა.