მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარგი იქნება, ის რესურსი, რაც რთველის სუბსიდირებაში მიდის, ღვინის მუზეუმის გახსნას მოხმარდეს"

629b1d6f388ad
მარიამ იზორია
04.06.22 18:00
827
უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს ღვინის მუზეუმი? - ამ შეკითხვას BMGDRIVE-ს ეთერში მეღვინე იაგო ბიტარიშვილი პასუხობს.

„იაგოს ღვინის“ დამფუძნებლის განმარტებით, ღვინის მუზეუმის დაფუძნებას ბევრი კერძო მარანი ცდილობს, თუმცა საჭიროა პროექტში სახელმწიფო ჩაერთოს და თუნდაც ის რესურსი, რომელიც რთველის სუბსიდირებაზე მიდის ამ მიმართულებით გადანაწილდეს, რადგან ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება.

მისივე თქმით, ღვინის მუზეუმი მსოფლიოში ყველა ღვინის ქვეყანას აქვს და იმ პირობებში, როცა საქართველოში ტურიზმის საკმაოდ დიდი ნაწილი ღვინის ტურიზმზე მოდის, ასეთი სივრცის არსებობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ღვინის მუზეუმი ქვეყნის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. წარმოიდგინეთ ღვინისა და ქვეყნის ცნობადობაზე რამდენად იმუშავებდა ერთი ასეთი ეფექტური მუზეუმის არსებობა, რომელიც ყველა ღვინის ქვეყანას აქვს. ჩვენ ბევრი გვაქვს მოსაყოლი და სანახავიც ბევრია.

სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია, კერძო ინვესტორი ასეთ მსხვილ პროექტს დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს, მით უმეტეს, რომ ასეთი სივრცე ქვეყნის ცნობადობაზეც იმუშავებს, ბევრჯერ გვინახავს, რომ კონკრეტული ქვეყანა ღვინისგან გაუცნიათ. ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ის რესურსი, რაც, მაგალითად, რთველის სუბსიდირებაზე მიდის, ამ მიმართულებით განაწილდეს, ეს უფრო მეტად გაზრდიდა გაყიდვებს და შესაძლოა ნაკლები სუბსიდირებაც დაგვჭირვებოდა“ - ამბობს მეღვინე.

აღსანიშნავია, რომ იაგო ბიტარიშვილის, „რიყის დოქებში“, რომლის გაყიდვასაც სახელმწიფო, რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, ღვინის მუზეუმის მოწყობის ინიციატივა ჰქონდა.