მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარგი იქნება კონკრეტიკა, რათა მთელი სექტორის ერთ ქვაბში მოხარშვა არ მოხდეს" - კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს

626ff5ee61381
მარიამ ადამია
02.05.22 20:30
1013
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკების კონტროლს გეგმურ რეჟიმში ახორციელებს. როგორც მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი გამოწვევები და რიგ შემთხვევებში, სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა. საუბარია სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიღება/გაწერის პროტოკოლის შეუსრულებლობაზე, პერსონალისთვის განკუთვნილი თანხების დაკავებაზე, ხოლო ხელმძღვანელი პირების შემთხვევაში - ხუთი-ათმაგი ოდენობით ყოველთვიური ხელფასების ზრდაზე.

BMG-იმ მოიკითხა, თუ რა პასუხი აქვს კერძო სექტორს ამ ბრალდებაზე. როგორც "ჯეო ჰოსპიტალსის" გენერალური დირექტორი, ზურაბ ქიტოშვილი ამბობს, ჯერჯერობით, კლინიკაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„ძნელია იმის თქმა, თუ როგორ ოპერირებს სექტორის დანარჩენი მოთამაშეები, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, სრულად, 100%-ით ხდებოდა გამოყოფილი თანხის შესაბამის პერსონალზე დარიცხვა და ყველა სანებართვო პირობის დაკმაყოფილება. "ჯეო ჰოსპიტალს" ამის პრობლემა არ აქვს,“ - განაცხადა ქიტოშვილმა.

აღნიშნულ თემაზე BMG "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორს, გიორგი მინდიაშვილსაც გაესაუბრა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრს კონკრეტული კლინიკების დასახელებისკენ მოუწოდა, სადაც კონკრეტული დარღვევებია გამოვლენილი.

„ჩვენს შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შეგვამოწმა შრომის ინსპექციამაც და ჯანდაცვის უწყების შესაბამისმა რგოლებმაც, მაგრამ მსგავსი მატერიალური გადაცდომა მთელი ქსელის მასშტაბით არ დაფიქსირებულა. ამიტომ კარგი იქნება კონკრეტიკა, რომ არ მოხდეს მთელი სექტორის ერთ ქვაბში მოხარშვა,“ - განაცხადა მინდიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის უწყების შესაბამისმა რგოლებმა სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს და როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, „უკვე იკვეთება შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ფაქტობრივი ანგარიშგებების წარმოდგენა“. მისივე თქმით, კლინიკების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოწესრიგდება მდგომარეობა.