18.სექტემბერი .2020 16:00

"კარგი იქნება თუ დაგვანახებთ, რომ მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტის რაღაც მონახაზი მაინც აქვს"

views 296
უკან

პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან კობერიძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას 2021 წლის ბიუჯეტის მონახაზის გაცხადებას სთხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრი ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული.

დეპუტატის თქმით, მთავრობას არ აქვს არანაირი მონახაზი, როგორი უნდა იყოს ბიუჯეტი, რაც მოსახლეობაში ქაოტურ მოლოდინებს აჩენს.

„1 ოქტომბრისთვის კანონმდებლობით მზად უნდა იყოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. კარგი იქნება თუ დაგვანახებთ, რომ მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტის რაღაც მონახაზი მაინც აქვს. ბიუჯეტი უნდა აეგოს ეკონომიკურ ხედვაზე ქვეყანაში, საით უნდა წავიდეს ქვეყანა 2021 წელს.  ამის არანაირი კონტურები თქვენი მხრიდან, არც ერთ თქვენს გამოსვლაში არ ჩანს.

ყველაფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, ეს არის კრიზისთან შეგუების გეგმა და კარგი იქნება თუ დარჩენილ დროში ამაზე ისაუბრებთ და დაგვანახებთ, როგორი არის ხედვა თუნდაც 1 წლის შემდეგ.

ასეთი ხედვები თუ არ გექნებათ, ამიტომ შეიქმნება ის ნეგატიური და ქაოტური მოლოდინები, მათ შორის ეკონომიკასთან და ლართან მიმართებაში, რის გამოც დღეს ლარის კურსის პრობლემები გარკვეულწილად ინფლაციასა და მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ფასებში არის ასახული, და გადადის ამ პრობლემაში. იმიტომ რომ არ არის არანაირი თუნდაც მოკლევადიანი გეგმა. თქვენ მხოლოდ ბიუჯეტში არსებული თანხების თქვენი შეხედულებისამებრ გადანაწილებას ცდილობთ და სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი ამ თანხებისა ხვდება არა მოსახლეობასთან, არამედ სახელმწიფოსთან შეზრდილ ოლიგოპოლიურ გარკვეულ ბიზნეს ერთეულებთან - სამშენებლო ბიზნესი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი მიმართულება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.