მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარი ღიაა და ახლა საქართველოს ჯერია ერთიანობით გადადგას ნაბიჯები და იაროს წინ" - ფონ დერ ლაიენი

62ac5a8da622b
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.22 14:41
2512
ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გაუწია უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.
საქართველოს შემთხვევაში, კომისიამ დაასახელა კონკრეტული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება მომავალში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.

ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივიე ვარჰეიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა უდიდესი მიღწევაა და ახლა ქართველთა ჯერია ერთიანობით იარონ ღია კარისკენ. 

ევროკომისარი ოლივიე ვარჰეი აღნიშნავს, რომ მთავარი წინაპირობები იმისთვის, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდეს არის ის პირობები, რაც განსაზღვრული იყო 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით. საუბარია ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე. 

“ჩვენ გვსურს ვიხილოთ პოლიტიკური პოლარიზების დასრულება, რაც ახასიათებს ქვეყანას. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობა და იმ შეთანხმების იმპლემენტაცია, რაც მიღწეული იყო ევროკავშირის მედიაციით. ეს ასევე ეხება სასამართლო რეფორმას, რადგანაც ეს შეთანხმება ასევე მოიცავს სასამართლო რეფორმას. ჩვენ გვჭირდება ვიხილოთ ანტიკორუფციული რეფორმები და ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გვჭირდება ვიხილოთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბძოლა და ბოლოს ფუნდამენტური უფლებების დაცვა ჩვენ გვჭირდება, რომ იყოს გარანტირებული მედიაპლურალიზმი. დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ გავეცით რეკომენდაციები და იმედი გვაქვს, შემდეგ კვირაში ეს იქნება გაზიარებული,”- განაცხადა ოლივიე ვარჰეიმ.

“ეს არის უდიდესი ნაბიჯი წინ საქართველოსთვის, რათა მიიღოს ევროპული პერსპექტივა. ეს არის დიდი მიღწევა საქართველოსთვის. კარი ღიაა და ახლა საქართველოს ჯერია ერთიანობით გადადგას ნაბიჯები და იაროს წინ. პროგრესი დამოკიდებულია საქართველოზე, მალე მიაღწევთ ამას, მით უფრო მალე ივლით ამ გზაზე, თქვენი ჯერია აჩქარდეთ და ღია კარისკენ განაგრძოთ სვლა”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.