მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუს ონლაინის” სპეციალურ მმართველს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა

604b840a783a7
სალომე მეცხვარიშვილი
12.03.21 19:37
2253
“კავკასუს ონლაინის” სპეციალურ მმართველს მარიამ სულაბერიძეს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 1 მარტს მიიღო. ცვლილება უკვე საჯარო რეესტრშიც აისახა, შედეგად კომუნიკაციების კომისიის მიერ გასული წლის ოქტომბერში დანიშნული სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე ამ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს იქამდე, სანამ სასამართლო მხარეებს შორის არსებულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

საქმე იმაშია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი დაინიშნა, "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელმა კომპანია International Online Networks-მა გაასაჩივრა და მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს საქმის არსებითად განხილვა არ დაუწყია, თუმცა გადაწყვიტა, რომ სანამ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდეს და სპეციალურ მმართველს სტატუსი შეუჩერდეს.

"სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიღებული განჩინება არ გულისხმობს სარჩელის საფუძვლიანობის საკითხის გადაწყვეტას და გავლენას არ ახდენს დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსზე”,- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მიზეზად შემდეგ ფაქტორებს ასახელებს:

“სააპელაციო პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრებული აქტის შეჩერების საფუძვლების არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ მოცემული ეტაპისთვის საქმეში არსებული მასალების საფუძველზე მართლაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი გასაჩივრებული აქტის კანონიერების თაობაზე...შესაძლოა განუჭვრეტადიც კი გახდეს როგორც სპეციალური მმართველის ქმედებების შედეგები, ასევე "კავკასუს ონალინისთვის" და მისი პარტნიორებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები”,- წერია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეცმმართველი 2020 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დანიშნა, რაც კომპანიამ რამდენიმე საჯარიმო სანქციისა და გაფრთხილების მიუხედავად, არ შეასრულა მარეგულირებლის გადაწყვეტილება - პირველად მდგომარეობაში დაებრუნებინა კომპანიის გახსვისებული წილები.

“კავკასუს ონლაინის” წილი 2019 წელს გასხვისდა აზერბაიჯანულ “ნექსოლ ჰოლდინგზე”. ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ 100%-იანი წილიდან 49% მილიარდერ ნასიბ ჰასანოვს მიჰყიდა. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებდნენ, რომ ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვდა, რაზეც “კავკასუს ონლაინში” აცხადებენ, რომ მათ მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულების შებრუნების უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.