მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუს ონლაინის" სპეცმმართველი თანამდებობას Open net-შიც შეინარჩუნებს

5f7c7c0b22eac
სალომე მეცხვარიშვილი
06.10.20 18:23
1398
საყოველთაო ინტერნეტიზაციის განმახორციელებელი სახელმწიფო ააიპ-ის Open Net-ის ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე თანამდებობაზე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სულაბერიძე კომპანია “კავკასუს ონლაინის” სპეციალურ მმართველად დაინიშნა, ის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ bm.ge-ს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სულაბერიძეს კანონი არ უკრძალავს პარალელურად მსგავსი საქმიანობითაც დაკავდეს.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალურ მმართველად სულაბერიძე კომუნიკაციების კომისიამ გასულ ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, დანიშნა. სპეციალური მმართველის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 8000 ლარი იქნება. სპეცმმართველი კომპანიაში ორშაბათს, 5 ოქტომბერს, მივიდა. ინფორმაცია bm.ge-ს “კავკასუს ონლაინში” დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები სპეცმმართველს ჯერ არ მიუღია.

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეცმმართველი მას შემდეგ დანიშნა, რაც კომპანიამ რამდენიმე საჯარიმო სანქციისა და გაფრთხილების მიუხედავად, არ შეასრულა მარეგულირებლის გადაწყვეტილება - პირველად მდგომარეობაში დაებრუნებინა კომპანიის გახსვისებული წილები. “კავკასუს ონლაინის” წილი გასულ წელს გასხვისდა აზერბაიჯანულ “ნექსოლ ჰოლდინგზე”. ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ 100%-იანი წილიდან 49% მილიარდერ ნასიბ ჰასანოვს მიჰყიდა. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს, რაზეც “კავკასუს ონლაინში” აცხადებენ, რომ მათ მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულების შებრუნების უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

გასული წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის 3-ჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

მარიამ სულაბერიძე Open Net-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ, ივლისში დაინიშნა.