მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუსის“ სპეც.მმართველმა "ტრანსტელეკომთან" და SOCAR Turkey Fiber-თან შეთანხმებას ხელი არ მოაწერა - კომისია

605af0c1026be
შოთა ტყეშელაშვილი
24.03.21 12:15
1109
კომუნიკაციების კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ "კავკასუს ონლაინის" სპეციალურმა მმართველმა მარიამ სულაბერიძემ ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, რომელიც "კავკასუს ონლაინს" NEQSOL ჯგუფში შემავალ კომპანიად მოიხსენიებდა. კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ NEQSOL-ი "კავკასუს ონლაინის" ბენეფიციარი მესაკუთრე გახდა იმ გარიგებების მეშვეობით, რომლებიც მათთან შეთანხმებული არ იყო, შესაბამისად ამ გარიგებებს კომისია "უკანონოს" უწოდებს. კომისიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ მიზეზის [დოკუმენტის პროექტში კავკასუსის NEQSOL-ის ჯგუფში შემავალ კომპანიად მოხსენიების გამო], კომპანიის სპეციალურმა მმართველმა არ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ყაზახურ კომპანია "ტრანსტელეკომთან" და თურქულ "SOCAR Turkey Fiber Optik"-თან , რომლის შედეგადაც ახალი რეგიონული ციფრული მაგისტრალი იქმნებოდა, რასაც საქართველოს გავლით, ინტერნეტით ცენტრალური აზია ევროპასთან უნდა დაეკავშირებინა. 

"2020 წლის 15 დეკემბერს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს ორი დოკუმენტი წარუდგინა თანხმობის მისაღებად. რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინსა“ და ყაზახურ კომპანია სს „ტრანსტელეკომს“ შორის, ასევე შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის უნდა გაფორმებულიყო შეთანხმებები. ორივე დოკუმენტში „კავკასუს ონლაინი“ განხილული იყო, როგორც აზერბაიჯანულ "ნექსოლ ჰოლდინგში" შემავალი კომპანია, ამავე დოკუმენტებში „კავკასუს ონლაინი“ მიჩნეული იყო რეგიონული მნიშვნელობის ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელების მექანიზმად.

ამავე დოკუმენტებით, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის წინაპირობად განსაზღვრული იყო აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნულ დოკუმენტებს კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა ხელი არ მოაწერა", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ წილის ნასყიდობა 2020 წლის აგვისტოში განხორციელდა:

"კომუნიკაციების კომისიის მიერ 2019 წლის ოქტომბრიდან მიღებული არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, შპს „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევა არ აღმოუფხვრია. მეტიც, ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონი რამდენჯერმე დაარღვია. ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ჯერ კიდევ 49%-ის უკანონოდ შეძენამდე ზედმიწევნით კარგად იცოდა. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ „კავკასუს ონლაინის“ შეძენის პროცესში 2019 წლის 18 იანვარს მან ყიდვის ხელშეკრულებით აიღო უმნიშვნელოვანესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ კანონის მოთხოვნებს და კომუნიკაციების კომისიიდან წილის შესაძენად საჭირო წინასწარ თანხმობას, ასევე სხვა სამართლებრივ საკითხებს თავად უზრუნველყოფდა.

ამის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში ნასიბ ჰასანოვმა არაერთი სასამართლო დავის პარალელურად მორიგი კანონდარღვევა კვლავ ჩაიდინა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ვიდრე კომუნიკაციების კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავდა ნასიბ ჰასანოვმა კვლავ დაარღვია კანონი და „კავკასუს ონლაინის“ დანარჩენი 51% დაჩქარებული წესით, ისევ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე შეიძინა. ამჟამად ჰასანოვი შპს „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილის უკანონო მფლობელია," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის მიერ "კავკასუს ონლაინში" დანიშნულ სპეციალურ მმართველ მარიამ სულაბერიძეს უფლებამოსილება შეუჩერა. ის კომპანიაში სპეციალურ მმართველად 2020 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა.