მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კეთილი და პატიოსანი": აშშ-ში შეკვეთას შესაფუთი მასალების არქონის გამო ვერ ვაგზავნით

6234700c7fe36
მარიამ იზორია
18.03.22 23:20
1357

დასალევი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელმა ბრენდმა “კეთილმა და პატიოსანმა” ომის გამო რუსეთთან და უკრაინასთან საექსპორტო მოლაპარაკებები შეაჩერა. ამასთან, კომპანიას პრობლემა აქვს იმპორტის ნაწილში. კერძოდ, ბრენდი შესაფუთი მასალების იმპორტით თითქმის სრულად უკრაინაზეა დამოკიდებული.

კომპანიის დირექტორი გიორგი ახალაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ბაზრების ჩანაცვლებაზე მუშაობენ და მოლაპარაკებას სომხეთთან და თურქეთთან აწარმოებენ. მისივე განმარტებით, შესაფუთი მასალების, კერძოდ, ბოთლების მარაგით, ადგილობრივ და არსებულ საექსპორტო ბაზრებს მოამარაგებენ, თუმცა, მაგალითად აშშ-სთვის პროდუქციის მიწოდებას ვერ მოახერხებენ.

“სხვა ბაზარზე გადაწყობა რთული პროცესია, ბოთლის შეცვლა გვიწევს, ამისთვის ჯერ სასურველი ფორმა უნდა მოიძებნოს, შემდგომ ჩამოსასხმელი ხაზი უნდა მოერგოს ამ ფორმას.

აშშ-ში შეკვეთას, საუბარია თვეში 50 000 ბოთლზე, შესაფუთი მასალის არ ქონის გამო ვერ ვაგზავნით. ამავე მოცულობის პროდუქტს ელოდება პოლონეთი, საფრანგეთი და გერმანიაც. დარჩენილი ბოთლების მარაგით, საუბარია 100 000 ბოთლზე, რომელიც ორი თვე გვეყოფა, დიდი ბრიტანეთი და ადგილობრივი ბაზარი უნდა მოვამარაგოთ. ვიმედოვნებ, ამ ორ თვეში ყალიბის დამზადებას და ჩამოსასხმელი ხაზის მორგებას შევძლებთ, რათა წარმოებაში წყვეტა არ გვქონდეს”, - განმარტავს გიორგი ახალაძე.

ინფორმაციისთვის, "კეთილი და პატიოსანი" კომპანია ქართული აგრო პროდუქტის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. საწარმოს ასამოქმედებლად კომპანიამ ჯამში 4.6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 000-ლარიანი გრანტი სოფლის განვითარების სააგენტომ გამოუყო, 1.5 მლნ ლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი იყო.