მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კიდევ არ ვკარგავ იმედს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება" - გიორგი აბრამიშვილი "ნამახვანჰესზე"

6176c8431dc95
მარიამ ვარადაშვილი
25.10.21 23:00
765
„საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო "ნამახვანჰესის" ინვესტორ კომპანია ENKA-სთან შეთანხმებას მიაღწევს და პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" ეთერში ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

“როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჯერ კიდევ არ ვკარგავ იმედს, რომ დარჩენილია ადგილი იმისთვის, რომ მოლაპარაკებებით დასრულდეს და გაგრძელდეს ეს პროექტი. რამდენადაც ვიცი, გარკვეული ჯგუფები მუშაობენ ამაზე, რათა ეს მოლაპარაკება წარიმართოს სწორი მიმართულებით, პროექტი გაგრძელდეს და განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ჩვენი ქვეყანა და ამას რამდენიმე წელიწადში ძალიან მწარედ ვიგრძნობთ ფინანსურადაც და ეკონომიკურადაც", - აცხადებს აბრამიშვილი. 

თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობას ოფიციალურად აცნობა, რომ ერთ თვეში კონტრაქტის მოშლის პროცედურებს დაიწყებდა. გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ ENKA-ს დამატებითი განცხადება არ გაუკეთებია, bm.ge პერიოდულად ცდილობს, საქართველოს მთავრობისგან მიიღოს ინფორმაცია რა ხდება ამ საკითხის ირგვლივ ანუ არსებობს თუ არა შანსი, ქვეყანამ კიდევ ერთი $800-მილიონიანი ინვესტორი არ დაკარგოს თუ საერთაშორისო არბიტრაჟში მორიგი კომერციული დავა გარდაუვალია.

„იმედია, ENKA-სთვის არბიტრაჟი სასურველი არ არის, პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობთ“, - უთხრა 18 ოქტომბერს bm.ge-ს ეკონომიკის მინისტრმა. დღეს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უპასუხოდ დატოვა BM.ge-ს კითხვა იმის თაობაზე, რა ხდება “ნამახვანჰესის” პროექტზე ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების კუთხით. მინისტრმა ასევე არ უპასუხა კითხვას, გაწყვიტა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ კონტრაქტი იმ კომპანიასთან, რომელსაც ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა უნდა შეესწავლა.