მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლინიკებთან და მოქალაქეებთან საჭიროა სწორი კომუნიკაცია" - ჯანდაცვის ექსპერტი

5fb3ae3a339ab
ინგა მურუსიძე
17.11.20 20:29
858
ილიაუნის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის სპეციალისტი ნინო მირზიკაშვილი კორონავირუსის მართვის პროცესში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კომუნიკაციის არასწორ ფორმებს მიიჩნევს. მან bm.ge-სთან საუბარში იმ ღია წერილზე და რეკომენდაციებზე გაამხვილა ყურადღება, რომლითაც ექსპერტთა ჯგუფმა დღეს მთავრობას მიმართა.

„აუცილებელია, მოქალაქეებთან სწორი კომუნიკაცია. დღემდე არ გვესმის, რატომ არ შეიძლებოდა მანქანაში სამზე მეტი პირის ჩაჯდომა, თუმცა ეს სწორი შეზღუდვა იყო. ძალიან ბევრი ქილიკი იყო, 22:00 საათიდან გადაადგილების აკრძალვაზე - "კორონავირუსი 22:00 საათზე ხომ არ იძინებსო", რა თქმა უნდა, კორონავირუსი არ იძინებს, მაგრამ გადაწყვეტილება თავისთავად სწორია. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რატომ არ უნდა გამოვიდნენ სახლიდან 22:00 საათზე. ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას კომუნიკაციის გაუმჯობესებას“, - განმარტა ნინო მირზიკაშვილმა.

გარდა ამისა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი უნდა გაფართოვდეს:

„ჩვენ, როგორც ექსპერტების ჯგუფი, ვთავაზობთ სახელმწიფოს, გაფართოვდეს უწყებათშორისი საბჭო; გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამჭვირვალე. ის, რომ ეპიდემია შეკავდა, ფაქტია, მაგრამ დადგა მომენტი, როცა სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. შეკავების ფაზა იყო ძალიან ეფექტური, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა კარგად იმუშავეს, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. ვფიქრობ, შემთხვევები იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე დადასტურებულია ამჟამად. მისაღებია დამატებითი გადაწყვეტილებები და ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნას გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც შეიძლება შედიოდეს არასამთავრობო სექტორი, ბიზნესომბუდსმენი, ეკლესია და ა.შ.“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

მან, ასევე, ისაუბრა კლინიკური სექტორის მიმართულებით მმართველობის გაუმჯობესებაზე, რაც ბიზნესსა და მთავრობას შორის სწორ კომუნიკაციას გულისხმობს. „გარდა ამისა, საჭიროა სააღსრულებო დისციპლინა იმისათვის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება აღსრულდეს", - ამბობს მირზიკაშვილი.