მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა" VS "პეპსი" რამდენი მილიონის გაყიდვები აქვთ კონკურენტებს საქართველოში?

5fa40eac80c06
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.20 18:25
6419
საქართველოში The Coca Cola Company-ის ბრენდის გამაგრილებელ სასმელებს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” აწარმოებს, PepsiCo-ს ბრენდების გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კი - “იბერია რეფრეშმენტსია”.

ორივე კომპანიას 2019 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება საჯაროა - შესაბამისად, შესაძლებელია იმის შედარება, თუ როგორი პარიტეტია საქართველოში გლობალურ კონკურენტებს შორის.

2019 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც გაყიდვებში “კოკა-კოლას” ბრენდები ლიდერობენ. კომპანიის შემოსავალი 2019 წელს ასეთი იყო:
  • “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” - შემოსავალი 171.9 მილიონი ლარი; 
  • “იბერია რეფრეშმენტსი” - შემოსავალი 43 მილიონი ლარი; 
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 2019 წელს 10.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, “იბერია რეფრეშმენტსმა” კი, გასული წელი 12.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესახებ:

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს - კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება.

The Coca-Cola Company-სთან (“TCCC“), Coca-Cola Export Corporation-სა და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმისა და სხვა შეთანხმებების შესაბამისად კომპანია აწარმოებს და მის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში. კომპანიის ძირითადი ბრენდებია -  Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola Without Sugar, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Bonaqua, Burn და Fuse Tea.

ამასთან,"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას"  აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში. 

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აქტივების ჯამური ღირებულება 261.1 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის 87.47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. 

"იბერია რეფრეშმენტსის" შესახებ:

კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, ის PepsiCo-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია PepsiCo-სგან იღებს საჭირო ნედლეულს და აწარმოებს Pepsi-ს, Pepsi Black-ს, Mirinda-ს და სხვა ბრენდების სასმელებს.

კომპანიის მმართველობითი ანგარიშის თანახმად, "იბერია რეფრეშმენტსის" 84.9%-იან წილს ELSU Inc. LLC-ი ფლობს, 15.1% კი ალშარაფ აჰმად აბდულა ალის ეკუთვნის.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მსგავსად, "იბერია რეფრეშმენტსიც" საკუთარი პროდუქციის ნაწილს უცხოეთში ყიდის.

კომპანიის ჯამური აქტივები 25 მილიონი ლარია.