მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როცა ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები"

5f0ed11bb9487
BM.GE
15.07.20 13:47
1102
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია, რომელიც დღეს დეპუტატების წინაშეა წარდგენილი, ასახავს დაინტერესებული მხარეების შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომლებიც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა, კერძოდ ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბექა დოჭვირის განმარტებით, კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო.

„დროებითი მმართველი შეიძლება შეყვანილი იყოს, თუ ირღვევა 26-ე და 27- მუხლი - „შერწყმის, ან წილის აქციების, ან საოპერაციო აქტივების შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება“. ზუსტდება 34-ე და 35-ე მუხლებიც, რომლებიც შეეხება ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებას და სატარიფო რეგულირებას და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას. ანუ ყველა ეს მუხლი, კანონის არსებული რედაქციით ზუსტდება და მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა ვალდებულებებს მოიცავს, შესაბამისად, არ შეიძლება, ამ ნაწილში ბუნდოვანება იყოს. ასევე, საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე, ცვლილება შეეხო წილების გასხვისების უფლებასაც, ანუ კომისიას ენიჭებოდა კომპანიის წილების გასხვისების უფლება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებდა კომისიის გადაწყვეტილებას. კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა ამ რედაქციიდან და პასუხი გაეცა კითხვას, აქვს თუ არა დროებით მმართველს წილის გასხვისების უფლება - დროებით მმართველს წილის გასხვისების უფლება არ ექნება“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, კანონპროექტში თავდაპირველად ასევე გაწერილი იყო 5 სპეციფიკური ვალდებულება და დარჩა მხოლოდ ორი - 34-ე და 35-ე მუხლები. მისივე განმარტებით, სპეციფიკური ვალდებულებები დაიყო ორ დიდ კატეგორიად - გამჭვირვალობის ნაწილი და ი ინფრასტრუქტურასთან დაშვება, რაც უფრო ახლოსაა როგორც მომხმარებლების ინტერესებთან, ასევე ხელს უწყობს კონკურენციასაც.