მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გასვლის უფლება უნდა ჰქონდეთ" - CRP

62505c98b1e6f
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.22 21:21
1305

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო პროექტების შემსრულებელ კომპანიებს, ინფრასტრუქტურული პროექტების გაძვირების პირობებში, პროექტის დატოვების უფლება უნდა მისცეს, ან მათი ინდექსაცია უნდა მოახდინოს. ამის შესახებ ტრაპაიძემ გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. 

რამდენიმე კვირაა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელმა კომპანიებმა, ომის დაწყების შემდეგ, სამშენებლო მასალების გაძვირების გამო, პროექტების გაძვირებაზე დაიწყეს საუბარი. დარგის წარმომადგენლები პროექტების შესრულების მიზნით მთავრობას ინდექსაციის მოდელის ამოქმედებას სთავაზობდნენ. ინდექსაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. თუმცა სექტორი დღემდე გადაწყვეტილების მოლოდინშია.

„კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ორივე მხარე - დამკვეთი და შემსრულებელი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს.

„დღეს ერთი დიდი კონტრაქტის ფარგლებში მაქსიმალური ოპტიმიზაციის განხორციელებას ვცდილობთ, რათა არსებულ ფასში ჩავეტიოთ. 2-წლიანი კონტრაქტის პირობებში დღევანდელ შემთხვევაში ვერავინ გვეტყვის ხვალ ლარის რა კურსი იქნება, რა იქნება საწვავის ფასი და რაც ყველაზე მთავარია მეტალის - არმატურის ფასი. ძალიან კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოც საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაშია, რომ მასაც უძვირდება ეს პროექტები და ის მაქსიმალურად ცდილობს რისკების ბიზნესის მხარეს გადმოტანას.
კონტრაქტს ორი მხარე ჰყავს დამკვეთი და შემსრულებელი, ის რომ დამკვეთი სახელმწიფოა, მას უპირატესობას არ ანიჭებს, რომ დაგვჩაგროს შემსრულებლები. ვაცხადებთ, რომ მთავრობამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია და თქვას, რომ მას მეტი არ შეუძლია, მაგრამ აქვე ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება ამოვირჩიოთ ან ვაგრძელებთ კონტრაქტს, ან ვწყვეტთ ყოველგვარი ჯარიმების გარეშე“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

კითხვაზე - რამდენად მისაღებია მისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია მთავრობის მიმართ, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტების გადახედვას, პრიორიტეტიზაციას და გაძვირებული პროექტების გადავადებას ითვალისწინებს, პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ კომპანიებს წაგებაზე წასვლას და ჯარიმების გადახდას, ურჩევნიათ რომ პროექტები გადავადდეს.

„რა თქმა უნდა, ბოლომდე ეს გამოსავალი არ არის, მაგრამ წაგებას და ჯარიმის გადახდას ჯობია. ჩვენ უფრო გადავადების შემდეგ სხვა პროექტებს მივხედავთ და ქვეყნის გარეთ ვიმუშავებთ. ვიგებთ სახელმწიფოს მდგომარეობას და არ ვადანაშაულებთ მათ იმაში, რომ ინდექსაციაში არ მოგვყვება, თუმცა დონორებით დაფინანსებული ყველა კონტრაქტი ინდექსირდება. მესმის, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში გათვალისწინებული რაღაც რაოდენობა აქვს და ამას ვერ გადავა, მაგრამ მაშინ მოგვცეს საშუალება ავირჩიოთ გავაგრძელოთ კონტრაქტი თუ არა, დღეს არავინ საუბრობს მოგებაზე, საუბარია იმაზე რომ ვალები არ დაგვედოს“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

"ერთადერთი რაც სახელმწიფომ შეიძლება შემოგვთავაზოს, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულების ინდექსაცია, ისევე როგორც ამას დონორი ორგანიზაციები აკეთებენ. მესმის, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი გაზრდის რისკის ქვეშ დგება, თუმცა ჩვენც ხომ ისეთივე მონაწილეები ვართ ამ კონტრაქტის, როგორიც სახელმწიფოა. ჩვენ რით დავაკომპენსიროთ ის ზრდა, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელია.

დღეს ომის დასრულებას ბოლო ჯერ არ უჩანს და როგორ დასრულდება ის არ ვიცით. რკინის პროდუქციის მომწოდებელი რუსეთი სანქციების ქვეშ არის. უკრაინას, რომელიც ერთ-ერთი დიდი მომწოდებელი იყო ქარხნები დანგრეული აქვს, რომლის აღდგენასაც მეტალი სჭირდება და მოთხოვნა ამ პროდუქტზე მხოლოდ და მხოლოდ იზრდება“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.