მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონტრაქტის შესრულება მარტივი არ არის" - გაჩეჩილაძე საპენსიო ტენდერზე

6256a2b50f1c8
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.22 14:23
786
სოციალური მომსახურების სააგენტომ საპენსიო და სოციალური გასაცემლების სერვისის პროვაიდერი ბანკის შესარჩევად ახალი ტენდერი გუშინ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 მილიონი ლარია და ის ძალაში 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2029 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება.

კითხვაზე - განიხილავს თუ არა “საქართველოს ბანკი” ამ ტენდერში მონაწილეობას, ბანკის CEO არჩილ გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ ბანკი ამჟამად ტენდერის პირობებს სწავლობს. ამასთანავე, გაჩეჩილაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი გადაწყვეტენ ამ ტენდერში მონაწილეობას, მაშინ მათ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება მოუწევთ, რასაც შეიძლება 6 თვე დასჭირდეს. გაჩეჩილაძე დასძენს, რომ თავად ამ ტენდერის მომსახურება მარტივი არ არის.

“საწყისი ინტერესი ჩვენ დავაფიქსირეთ თუ რა შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის მზაობა, ახლა ახალი პირობებია წარმოდგენილი და ჩვენ განვიხილავთ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენთვის.

როგორც მოგეხსენებათ, თავად ამ კონტრაქტის შესრულება მარტივი არ არის. ამიტომ რაღაც დრო დაგვჭირდება აუცილებლად თუ ამ კუთხით წავედით, რომ მზაობა გვქონდეს სრულყოფილი, ეს შეიძლება იყოს 6 თვე ან ცოტა ნაკლები, რათა მზაობა იყოს,” - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ამბობს იმასაც, რომ ბანკს საპენსიო გასაცემლების ტენდერში მონაწილეობის სურვილი ორი წლის წინაც ჰქონდა, თუმცა მაშინ სახელმწიფომ არსებული ხელშეკრულების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

“ინეტერსი ჩვენ გვქონდა, ამ ტენდერთან დაკავშირებით, მაგრამ არსებული ხელშეკრულება ავტომატურად გააგრძელეს.

ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა დაფიქსირებული მზაობა,”- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ახალი ტენდერის პირობები ასეთია:

თუკი ამჟამად არსებული პირობებით, სახელმწიფო პენსიების დარიგებაში ფულს არ იხდიდა, ახლა ამ სერვისში ბანკებს დამატებით ანაზღაურებას მიაწვდის.

ტენდერში ბანკები შეირჩევიან ორი კრიტერიუმის მიხედვით, პირველი კრიტერიუმი შეეხება პენსიის დარიგების ღირებულებას ანუ რომელი ბანკი უფრო იაფად მიაწვდის სახელმწიფოს ამ სერვისს. ამ კრიტერიუმის წონა შეფასების დროს 30% იქნება.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლითაც პენსიის გამცემი ბანკი შეირჩევა, არის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ის ხანდაზმულებსა და სოცდაუცველებზე გასცემს სესხებს. განაკვეთების საწყისი წერტილის ათვლა იწყება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების ინდექსიდან, რომელიც ამჟამად 10.6%-ს შეადგენს. მაქსიმალური განაკვეთი რომლიდანაც ტენდერში ვაჭრობა იწყება არის 15% ანუ, საუბარია 10.6%+15%=25.6%-ზე.

ანუ ბანკებმა უნდა დააფიქსირონ 15%-ზე ნაკლები განაკვეთი და სახელმწიფო შეარჩევს იმ ბანკს, რომელიც ტენდერში ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააფიქსირებს. ის თუ რამდენად დაბალ განაკვეთზე შეჩერდება ვაჭრობა, ეს ტენდერის მეშვეობით გამოჩნდება.

საპროცენტო განაკვეთის მოცულობაზე ტენდერის შეფასების კრიტერიუმის 70% არის დამოკიდებული.