მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონტროლდება აშშ-დან და EU-დან შემოსული ისეთი საქონელი, რომლის ექსპორტიც რუსეთში სანქცირებულია"

63d651f5db316
BM.GE
29.01.23 14:43
1160
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების შესახებ განმარტებას აკეთებს. განცხადება ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს ეხება, რასთან მიმართებითაც შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ დასახელებული კომპანია "მიროტორგი" არ იმყოფება სანქციების სიაში, შესაბამისად მისი ტვირთების გატარებაც ნებადართული იყო.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ კონტროლდება აშშ-დან ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ისეთი საქონლის იმპორტი/ტრანზიტი, რომლის ექსპორტიც რუსეთის ფედერაციაში სანქცირებულია. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში სანქციების თავიდან არიდების 1,000-მდე შემთხვევა გამოავლინეს. სანქციების რეჟიმის დარღვევის ფაქტები შეეხებოდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ოპერაციებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სურს გამოეხმაუროს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.

ამასთან, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სანქციების მონაწილე სხვა ქვეყნებიდან შემოსული ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის იმპორტი/რეექსპორტი რუსეთში ან სხვა ქვეყანაში და პირიქით. ასევე, მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან სხვა სანქცირებული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპანიაზე (კომპანია ,,მიროტორგი“), ტვირთზე და მის მფლობელებზე არ ვრცელდება (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან,"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.