03.ოქტომბერი .2019 10:40

"კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს"

views 195
უკან

"უნდა აღვნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების გადაწყვეტილება მთავრობის მიერ იყო მხარდაჭერილი:

"ასეთი კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების თაობაზე სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ მისცემს მოსახლეობას იმის დანახვის შესაძლებლობას, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად მუშაობს. ჩვენ საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით, 700 მილიონი დოლარის რესურსი, რაც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ეკონომიკას,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სებ-ი უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით, 25%-მდე ამცირებს.