11.მარტი .2020 19:00

"კორონავირუსი აისახება კონკრეტულ სექტორებზე, მაგრამ არა - გლობალურად ეკონომიკაზე"

views 237
უკან

"ყველაზე პესიმისტური გათვლებით, ეს აისახება კონკრეტულ სექტორებზე, მაგრამ გლობალურად არ აისახება ეკონომიკასა და საბანკო სექტორზე" - ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე კორონავირუსის გავლენის შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბანკები მზად არიან იმისთვის, რომ ცალკეული სექტორების შეფერხების ასაცილებლად გარკვეული შეთავაზებები გაუკეთონ კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ბანკის კრედიტორებს.

„ყველა მხარემ გამოხატა მზაობა, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ არა - ერთდღიან რეჟიმში, არამედ - გრძელვადიანად. დღეს ადრეა იმაზე საუბარი, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და რა ვადიანი ეფექტი შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით. ყველაზე პესიმისტური გათვლებით, ეს აისახება კონკრეტულ სექტორებზე, მაგრამ გლობალურად არ აისახება ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე.

საბანკო სექტორი მზად არის და იხილავს უკვე რაზე იქნება საუბარი ანუ რა გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცალსახად იყო გამოხატული მთავრობის მხრიდან მზაობა, რომ აღნიშნულ ნაბიჯებში იქნება სრული მხარდაჭერა და მაქსიმალურად იქნება შეთანხმებული მოქმედებები“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰოტელიერებმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას წერილით მიმართეს, რომლის მიხედვით კორონავირუსის გავრცელების გამო სასტუმრო ბიზნესში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო გადასახადების ნაწილში მხარდაჭერასა და საბანკო სექტორთან შუამდგომლობას სთხოვნდნენ. პარასკევს კი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სექტორს მხარდაჭერა აღუთქვეს, თუმცა რა საკითხებში - ეს გაურკვეველი იყო.