მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორუმპირებულობა დამაბრალეს" - გიორგი ქობულია იხსენებს, თუ როგორ დაიბლოკა მისი ინიციატივა

5ee53bfbc08af
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.20 00:44
5655
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში მნიშვნელოვანი გავლენების მქონე პირების მიერ დაიბლოკა ინიციატივა წიაღისეულის სექტორში ბრიტანელი და კანადელი ინვესტორების შემოყვანის თაობაზე. ქობულიას თქმით, რამდენჯერაც დაგეგმა ამ საქმის მთავრობის დღის წესრიგში დაყენება, იმდენჯერ მოხდა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება. ყოფილი მინისტრი ამბობს იმასაც, რომ მას შემდეგ კონკრეტული კომპანიების ინტერესის სასარგებლოდ ლობირება და კორუმპირებულობაც დააბრალეს. 

"მინისტრობის რამდენიმე თვე მწარედ ვიბრძოდი, რომ მოგვეყვანა უცხოელი ინვესტორები ჩვენი წიაღისეულის სექტორში. წიაღი არის ერთ-ერთი კარგი სექტორი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქვეყანამ ეკონომიკის გასაზრდელად. მადნების მოპოვება ვალუტის მიღების ერთ-ერთი წამყვანი წყაროა.

სწორედ აქ მინდოდა რომ შემოსულიყვნენ ინგლისური კომპანიები, კანადური კომპანიები რათა რეპუტაცია აემაღლებინათ საქართველოში ამ სფეროსი და კვალიფიკაციაც გაეზარდათ ადგილობრივი მუშა-ხელის. 
ამასთან დაკავშირებით წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან.

იცით, რომ პროექტები უნდა დამტკიცდეს მთავრობაზე გატანით. იქ ჩახსნიდნენ გადაავადებდნენ, მეორედ, მესამედ და ასე შემდეგ. მე ბოლომდე არ მესმოდა რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მითხრეს -  “რა გინდა შენ რატომ იბრძვი ამ კომპანიების შემოსაყვანად? - ვიცით რატომ იბრძვი, ალბათ კერძო ინტერესი გაქვს მათთან დაკავშირებითო” - კორუმპირებულობა და ამ კომპანიებთან გარიგება დამაბრალეს,"- განაცხადა ქობულიამ. 

ამასთანავე, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოები, როგორიცაა რკინიგზა და ელექტროსისტემა "სქემისტების" გავლენების ქვეშაა. ქობულიას თქმით, კორუფციული გარიგებების შენარჩუნების მიზნით, ეს "სქემისტები" ელექტროენერგიის ბაზრის და სარკინიგზო გადაზიდვების ბაზრის რეფორმირებას ეწინააღმდეგებიან. 

გიორგი ქობულია - კორუფციის შესახებ:

“სახელმწიფო სექტორში არიან ჩამჯდარი სქემისტები, რომლებიც რაღაც სქემებს ატრიალებენ. იგივე რკინიგზაში, იგივე ელექტროენერგიაში და ასე შემდეგ და მაქსიმალურად იბრძვიან იმისთვის, რათა არანაირი რეფორმა არ მოხდეს. იქ რომ რაღაც მოდერნიზაცია და რეფორმა მოხდეს ეს მათ არ აწყობთ, რადგან მაშინ თავის სქემებს დაკარგავენ.

მოგიყვანთ მაგალითს. საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ესაჭიროება მოდერნიზაცია, რაც მოგვცემს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ბიძგს. ამ რკინიგზაში არის მიკერძოებული კონტრაქტები, ექსკლუზივები არის გაცემული რაღაც ტვირთების გადაზიდვებზე და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გვინდა, რომ რკინიგზა ვთქვათ წავიყვანოთ ეფექტიანობის ამაღლებისკენ, ნაწილობრივი პრივატიზებისკენ, მაშინ ეს სქემები დაიშლება.

იგივე ელექტროენერგეტიკის სფეროში არის შუამავალი კომპანიები იმპორტზე. ამ შუამავალ კომპანიებს რა თქმა უნდა არ აწყობთ, რომ მოდერნიზაცია მოხდეს ჩვენი საიმპორტო ინფრასტრუქტურის. არის მთელი რიგი შესაძლებლობები გაუმჯობესებების, რამაც შეიძლება საშუალება მოგვცეს, რომ ელექტროენერგიის იმპორტიც უფრო იაფად განვახორციელოთ და უკეთ დავასტაბილიზიროთ ჩვენი ელექტროსისტემა. მაგრამ იქ რომ არიან ჩამჯდარი რაღაც სტრუქტურებში, ისინი ჩვენ გვიშლიან ხელს. მე მოგიყვანეთ წიაღისეულის მაგალითიც, სადაც მგონი ერთი თუ ორი კომპანია აკონტროლებს მადნეულის სფეროს, ხოლო ახალი კომპანიების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას კი წინააღმდეგობა ეწევა.

ეს სქემისტები გვიშლიან ხელს როგორც რეფორმების გატარებაში, აგრეთვე არასწორად ითვისებენ ხალხის ფულს. ამასთან, ეს სქემები და მათი შეუცვლელობა ახდენს დემოტივირებას. მაგალითად, როგორც ვიცი რკინიგზაში კვალიფიციური ხალხი ვინც იყვნენ, მგონი სულ ყველა გაიქცა. რა ეფექტურობა უნდა გაზარდო, როდესაც ყველამ ვიცით შიგნით რაც ხდება? - ამაზე არის საუბარი,”- განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია - Forbes Talks-ში: