21.მაისი .2022 14:28

"კრიპტოვალუტები არაფრად არ ღირს, მათ მიღმა რეალურად არაფერი დგას" - კრიტინ ლაგარდი

"კრიპტოვალუტები არაფრად არ ღირს, მათ მიღმა რეალურად არაფერი დგას" - კრიტინ ლაგარდი
views 1460
უკან

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, კრიპტოვალუტები არაფრად არ ღირს, რადგან მათ მიღმა არავითარი რეალური აქტივი და სერვისი არ დგას, მათი ფასები კი არა ფუნდამენტურ ფაქტორებზე, არამედ სრულად სპეკულაციურ შეფასებებზეა დამოკიდებული.

„ჩემი შეფასებით, კრიპტოვალუტები არაფრად არ ღირს, ისინი რეალურად არაფერზეა დაფუძნებული, მათ მიღმა არ არის არავითარი ფუნდამენტური აქტივი, რომელიც შესაძლოა დაზღვევის მიზნით იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.

ლაგარდის განმარტებით, კრიპტოაქტივების შეძენით დამწყები ინვესტორები გაუაზრებელ რისკზე მიდიან, რადგან მათ სათანადოდ არ ესმით თუ რაში აბანდებენ თანხას.

„კრიპტოში ინვესტიციას დებენ ისეთი ადამიანებიც კი, რომელთაც რისკები გააზრებული არ აქვთ. ისინი კარგავენ ჩადებულ თანხას და ამით იმედგაცრუებული რჩებიან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სფერო უნდა დარეგულირდეს“, - თქვა ლაგარდმა ჰოლანდიური ტელევიზიის ეთერში.

ECB-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტების საუკეთესო ალტერნატივა ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ევრო იქნება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, დაახლოებით, ოთხ წელში იქნება. ლაგარდი პირობას დებს, რომ ციფრული ვალუტა სრულად დაზღვეული იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ და მას არ ექნება ის რისკის ფაქტორები, რომლებიც კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ კრისტინ ლაგარდასა და მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკებისა თუ საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს კრიპტოვალუტების მიმართ კრიტიკული განცხადება არაერთხელ გაუვრცელებიათ. უკანასკნელ პერიოდში კრიპტო-ინდუსტრიის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამწვავება კი უმსხვილესი კრიპტოაქტივების, ბიტკოინისა და ეთერიუმის თითქმის 60%-იან გაუფასურებას და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალგორითმული სტეიბლკოინის Luna/Terra-ს (UST) კოლაფსს უკავშირდება.