მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალი": ჩვენი პროგნოზით, სექტორში მომგებიანობა გაიზრდება

5f5396bbf3219
ინგა მურუსიძე
06.09.20 19:45
1184
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" გამგეობის თავმჯდომარის არჩილ ბაკურაძის პროგნოზით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომგებიანობა საკმაოდ მაღალი იქნება და მაჩვენებელი დაუბრუნდება რეგულაციების წინა პერიოდს, რაც ასევე, სექტორში ინვესტიციების მოზიდვას  ხელს შეუწყობს.

ამის შესახებ ბაკურაძემ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში IMF-ის ანგარიშის იმ ნაწილის კომნეტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, "საერთაშორისო ინვესტორები ქართულ მიკროსაფინანსო სექტორში ნაკლებად არიან ჩართული, ისინი უფრო მეტად სამხრეთ აზიის ბაზრით ინტერესდებიან, რადგან იქ უფრო მაღალი ამონაგების მიღების შესაძლებლობას ხედავენ". როგორც IMF აცხადებს, საქართველოს მისო-ებმა ფონდს მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ საპროცენტო განაკვეთებზე დაწესებული 50%-იანი ჭერის პირობებში მათ უჭირთ მომგებიანობის მაჩვენებლის შენარჩუნება.

“სამხრეთ აზიის სახელმწიფოები, რომელსაც IMF ადარებს საქართველოს, ეს არის მრავალმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნები, როგორებიც არის ინდოეთი, ბანგლადეში, ინდონეზია და ა.შ. რა თქმა უნდა, იქ ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები ძალიან დიდია. საქართველო არ არის იმხელა ბაზარი, რომ გლობალური ინვესტორების ინტერესი გამოიწვიოს. ბევრი ჩვენი სექტორის მონაწილე კომპანია, მათ შორის „კრისტალი“ დაფინანსებულია ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისგან, ანუ ამ შემთხვევაში IMF უფრო მეტად მთელი ბაზრის აღწერს, ჩანს, რომ მცირე ნაწილს აფინანსებენ საერთაშორისო ინვესტორები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის პრეცედენტები არსებობს.

რაც შეეხება მომგებიანობას, ბოლო წლებში რეგულაციები არ იყო მარტივი, რამაც შეამცირა მომგებიანობა, მაგრამ რომ არა კოვიდის მოვლენები, ვხედავდით გაუმჯობესებული მომგებიანობის მაჩვენებლებს. უფრო მეტიც, ჩვენი პროგნოზით, მომგებიანობა საკმაოდ მაღალი იქნება სექტორში და დაუბრუნდება რეგულაციების წინა პერიოდს, რაც ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. დღეს შესაძლოა საინვესტიციო აქტივობა არ არის მაღალი, მაგრამ IMF-ის ანგარიშში ისეთი აქცენტები წერია, რომ მათი განხორციელების შემთხვევაში, სექტორი ბევრად მომგებიანი და მიმზიდველი გახდება“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

რაც შეეხება IMF-ის შეხედულებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსს ატარებენ, უფრო მეტად საფინანსო კომპანიებად შეიძლება შეფასდნენ, ბაკურაძე ამბობს, რომ ეს მართლაც ასეა. 

"მცირეა ისეთი ორგანიზაციები, რომელიც კლასიკურ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰგავს. ჩვენი კომპანია სწორედ ასეთია, ხოლო ბევრი კომპანია, რომელიც მისოს სახელის ქვეშ ოპერირებს, შესაძლოა, ფინანსური კომპანია იყოს. ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ბაკურაძემ.