მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალი": ვადაგადაცილებული სესხების მატება არ გვაქვს

60a516a43c35b
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.21 09:00
1528
მიკროსაფინანსო კომპანია “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში მისო-ების სექტორის პირველი კვარტლის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, უშუალოდ "კრისტალში" აქტივების ხარისხის გაუარესება არ შეინიშნება.

2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო სექტორში სესხების მთლიანი მოცულობა 1.25 მილიარდი ლარია, მათ შორის დაკრედიტებით ლიდერია “კრისტალი”, რომელსაც 342 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი აქვს. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მიკროსაფინანსო სექტორი ჯამურად 23 მილიონი ლარის მოგებაზე იყო, ხოლო უშუალოდ “კრისტალის” მოგებამ 3.67 მილიონი ლარი შეადგინა.

“საქმიანი დილის” ეთერში არჩილ ბაკურაძემ განაცხადა, რომ მიკროსაფინანსო სექტორის მიერ გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული, შესაბამისად, მათზე გაცვლითი კურსის რისკი არ მოქმედებს. არჩილ ბაკურაძე განმარტავს, რომ გაცვლით კურსს მიკროსაფინანსო სექტორზე მაინც აქვს გავლენა და ეს თავად მისო-ების ვალდებულებებსა და ჰეჯირების საფასურს უკავშირდება. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ მათი ფინანსური ხარჯები გაზარდა და ეს მეორე და მესამე კვარტლების ფინანსურ შედეგებზე ნეგატიურად აისახება.

“ვფიქრობ, 2021 წელი კარგად დაიწყო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენი დაკვირვებით არ უარესდება აქტივების ხარისხი. რეალურად არცერთი მაჩვენებელი არ გვიჩვენებს რაიმე მოულოდნელ გაუარესებაზე. ჩვენთვის ამ ვითარებაში გადამწყვეტი საკითხია აქტივების ხარისხის თემა.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის ჩვენ სექტორში სესხების გაუარესება, არის ის, რომ თითქმის ყველა კრედიტი არის ეროვნულ ვალუტაში გაცემული, ხოლო ვადაგადაცილების ყველაზე დიდი ნაწილი გამოწვეულია დოლარსა და ევროში გაცემული სესხების გამო, ეს პრობლემა კი ჩვენ არ გვაქვს.

თუმცა, უკვე მეორე კვარტალში ჩვენ ისევ გაგვიძვირდა რესურსი, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსური რისკის ძირითადი ნაწილი არის სავალუტო რისკის ჰეჯირებასთან დაკავშირებული და პირდაპირპროპორციულად გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად. ამის გამო ჩვენთვის ფინანსური რესურსი გაძვირდა. გავცემთ კრედიტებს მიკრო მეწარმეებსა და აგრო მეწარმეებზე, თუმცა ამ გაძვირების გამო გვიჭირს შედარებით დიდი სესხების გაცემა. ამ სეგმენტში ჩვენ უკვე ვეღარ ვუწევთ კონკურენციას ბანკებს, რადან ჩვენ გვიჯდება რესურსი 15% და კიდევ უფრო მეტი. ჩვენთვის ყველაზე პრობლემური სწორედ რეფინანსირირების განაკვეთია, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ხარჯების სტრუქტურას, ამიტომ მეორე და მესამე კვარტალი არ იქნება ისეთი მომგებიანი როგორიც პირველი კვარტალი იყო,”- აცხადებს არჩილ ბაკურაძე.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც ბაკურაძემ ისაუბრა მიკროსაფინანსო სექტორის მიერ გაცემული სალომბარდე სესხებია. მისი თქმით, უშუალოდ “კრისტალი” ამ მიმართულებით აქტიურად წარმოდენილი არაა, თუმცა ზოგადად სალომბარდე სესხების სეგმენტში დაკრედიტების გააქტიურება ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი მოქალაქე შემოსავლის მისაღებად საკუთარ ქონებას თუ ძვირფასეულობას აბარებს.

“ლომბარდს რაც შეეხება, ჩვენ სალომბარდო მიმართულება საკმაოდ მცირე გვაქვს. მაგრამ ზოგადად ლომბარდების სეგმენტში დაკრედიტების ზრდა ნიშნავს, რომ გაიზარდა იმ მომხმარებლების კატეგორია, რომლებიც ჩვეულებრივ სესხებს ვერ იღებენ,”- აცხადებს ბაკურაძე.

2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული 1.25 მილიარდი ლარის კრედიტები სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
  • სალომბარდე სესხი - 568 მილიონი ლარის პორტფელი, 485,000 სესხი;
  • სამომხმარებლო სესხი - 267 მილიონი ლარის პორტფელი, 53,700 სესხი;
  • ვაჭრობის და მომსახურების სექტორზე გაცემული სესხები - 203.4 მილიონი ლარის პორტფელი, 36,500 სესხი;
  • სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები - 106.8 მილიონი ლარის პორტფელი, 21,400 სესხი;
  • განვადება - 49.2 მილიონი ლარის პორტფელი, 81,900 სესხი;
  • სხვა კატეგორიის სესხები - 9.7 მილიონი ლარის პორტფელი, 833 სესხი;
  • იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები - 42.4 მილიონი ლარის პორტფელი.

დღეის მდგომარეობით საქართველოში 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც ჯამში 4,100 ადამიანს ასაქმებენ.