24.ნოემბერი .2020 19:40

"კრიზისის დროს ინვესტორებს მთავრობამ განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნას“ - ინვესტორი

"კრიზისის დროს ინვესტორებს მთავრობამ განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნას“ - ინვესტორი
views 264
უკან

GINO Holding-ის დამფუძნებელი და მმართველი ნოდარ გიორგაძე, რომელიც საქართველოში პროექტებს სლოვაკური ინვესტიციებით ახროციელებს, BM.GE-ისთან საუბრისას ქვეყნის საინვესტიციო გარემოს აფასებს და ამბობს, რომ მთავრობამ ინვესტორების მოსაზიდად მეტი უნდა იმუშაოს, რადგან „ამ მხრივ ბევრი რამ დასახვეწია“.

„როდესაც რაიმე პროექტის განხოციელებაზე ვფიქრობ და ჩემს მეგობარ სლოვაკ, ჩეხ ან ავსტრიელ ინვესტორებს ვთავაზობ საქართველოში ამა თუ იმ პროექტის შესრულებას, ძალიან ცოტა მომყვება და ისინიც მეუბნებიან, რომ შეთავაზებაზე იმ შემთხვევაში წამოვლენ თუ გარანტორად მე დავდგები. სერიოზული ადამიანი, როდესაც სახელმწიფოსთან გაქვს ურთიერთობა, ვერ იზამ ამას, მით უფრო მაშინ, როცა საუბარი 10-ეულ და ზოგჯერ 100-ეულ მილიონზეა. ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ დასახვეწია. მით უმეტეს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც მთელი სამყარო განცდებშია და ყველა ეძებს ფულს... ამ დროს უზარმაზარი თავისუფალი თანხები დევს, უბრალოდ, ადამიანებს ეშინიათ სადღაც ჩადების, რადგან უმართავი პროცესების გამო, შეიძლება ეს ფული დაიკარგოს.

სახელმწიფომ განსაკუთრებული პირობები უნდა შეუქმნას იმ ინვესტორებს, რომლებსაც საქართველოში ინვესტირება უნდათ, მაგალითად, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, მანქანათმშენებლობაში... სლოვაკეთში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში 80 მლრდ ევრო შემოვიდა, ძირითადად, უძრავი ქონების და საავტომობილო მშენებლობაში. სლოვაკეთი 20 წელიწადში 1 სულ მოსახლეზე წარმოებული ავტომობილების მიხედვით ავტომანქანების წარმოებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო გახდა. აქ იწარმოება "პეჟო", "სიტროენი", "ფოლცვაგენი", "კია… იგივე პირობები შევუქმნათ ინვესტორებს და ისინი ჩვენთანაც წამოვლენ”, - განაცხადა თემურ გიორგაძემ.

კითხვას - რა პირობებზეა საუბარი, ინვესტორი ასე პასუხობს: „ისევ სლოვაკეთის მაგალითზე გეტყვით: აქ ინვესტორებს მისცეს ათასობით კვ.მ მიწა 1 ევროდ, სხვადასხვა პერიოდით გაათავისუფლეს დღგ-ის და მოგების გადასახადებისგან; გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადს იხდის კომპანია და სახელმწიფო მას ამ თანხას უბრუნებს”.

ასევე, ნოდარ გიორგაძე BM.GE-ისთან ამბობს, რომ გარდა მრეწველობის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობისა, საქართველოს განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი აქვს. ის აღნიშნავს, რომ თავად გეოთერმული წყლების ათვისების და მზის ენერგიის სადგურების პროექტებით იმ შემთხვევაში დაინტერესედებოდა, თუ საქართველოში ამისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იქნებოდა

„სლოვაკეთში 63 გრადუსიანი წყლით მივიღე ელექტროენერგია და ამით ნოუ ჰაუს პატენტის მფლობელი გავხდი. იქ სახელმწიფოსგან 15-წლიანი გარანტია მაქვს. ჩემგან ელექტროენერგიას ამ პერიოდის განმავლობაში სპეციალურად შემუშავებული ტარიფით ყიდულობს.

რაც შეეხება საქართველოს, განახლებადი ენერგიები ჩემთვის საინტერესო თემაა. პირობები რომ ყოფილიყო, ვიქნებოდი ერთ-ერთი პირველი ინვესტორი და ძალიან ბევრ ინვესტორს გამოვიყოლებდი ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ბანკებიც სიამოვნებით გამომყვებოდნენ... მქონდა კიდეც მოლაპარაკებები სლოვაკეთის სახელმწიფო ბანკთან, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესტიციები გამეკეთებინა, მაგრამ პირდაპირ მითხრეს, რომ ტურიზმის სექტორის გარდა, სხვა სფეროზე არ შეგვაწუხოთო, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი პირობები არ არის, რომ ჩვენ ამ შემოთავაზებაზე გამოგყვეთო. კარგი, ჩავდებ ფულს და მივიღებ ამ ენერგიას, მაგრამ მომეცით გარანტია, რომ 15 წლის განმავლობაში, რაც არ უნდა მოხდეს, სახელმწიფო მას ფიქსირებულ ფასად შეიძენს. აქ არ არის საუბარი პატარა თანხებზე. ეს შეიძლება იყოს 20, 30, 50 მლნ ევრომდე მხოლოდ სლოვაკეთიდან. დაახლოებით, გეტყვით, რომ 50 მლნ ევროთი ჩვენ განახლებად ენერგიებში 500 მეგავატის ენერგიის შექმნა შეგვიძლია“, - უთხრა BM.GE-ის ნოდარ გიორგაძემ.