მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კულაში“ პროდუქციის გაძვირებას პროგნოზირებენ, მიზეზი გაზის ტარიფის გაზრდაა

629c7c143c8b5
თათია ჩაფიჩაძე
05.06.22 15:10
1152
კომპანია „კულაში“, რომელიც ამ დროისთვის 250 დასახელების საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს, პირველი ივლისიდან პროდუქციის გარკვეული ჯგუფის მინიმუმ 5-8%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ. მიზეზი ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდაა.

საქმე ის არის, რომ 1-ელი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ბიზნესისთვის გაზი გაძვირდება. თბილისში მოქმედი კომპანიებისთვის კუბური მეტრი გაზის მოხმარების ტარიფი 25 თეთრი ძვირდება და 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.

„საქმიანი დილის“ ეთერში „კულას“ გენერალურმა დირექტორმა ვანო გოგლიძემ თქვა, რომ აქტიურ სეზონზე კომპანია მხოლოდ ბუნებრივ აირში თვიურად 170 ათასს ლარამდე იხდიდა, წლის განმავლობაში ორჯერ გაძვირებული ტარიფის გამო კი, ხარჯი 30%-ით გაეზრდებათ.

„მოულოდნელი იყო გაზის ტარიფის მატების დაანონსება; ამის წინაც გაგვიძვირდა და იგივე სიტუაცია იყო მაშინაც - გაზრდილი გადასახადი რომ მივიღეთ, მერე გავიგეთ ტარიფის გაზრდის შესახებ; ისეთ თვეებში როგორიც არის აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი - ყოველთვიურად 150-170 ათას ლარამდე ვიხდიდით მარტო ბუნებრივ აირში, ეს მაშინ როცა 0.95 თეთრი იყო, მერე აგვიწიეს 1.05 ლარამდე, ახლა 1.38 ლარზე უნდა ავიდეს, ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ნაწილში კომუნალური ხარჯი 30%-ით გაგვეზრდება.

ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებაში გაზს 30% არ უჭირავს, ამიტომ ზუსტად ამდენით არ გავზრდით ფასებს; ეს დამოკიდებული იქნება ხილის ფასზე - რა ეღირება წელს ნედლეული. ასევე, იცით, რომ შაქარი გაძვირდა. ამასთან, მაღალი ინფლაციის გამო ხელფასები გავზარდეთ. ახლა ველოდებით ხილის ფასი როგორი იქნება; ალბათ ფასებს აგვისტოში დავაკორექტირებთ“, - ამბობს მეწარმე.

ამასთან, „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში ვანო გოგლიძემ ისიც აღნიშნა, რომ გაზის ტარიფის შეცვლით გაზრდილი ხარჯის დაბალანსებას ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიდანაც შეეცდებიან.

„ჩვენი კომპანია 70%-ით ორიენტირებულია ექსპორტზე. ექსპორტიდან შემოგვდის დიდი ვალუტა, ამიტომ შეიძლება, ეს ხარჯი ექსპორტმა დაგვიბალანსოს, თუმცა გარკვეულ პროდუქციაზე მინიმუმ 5-8%-მდე დაგვჭირდება ფასის მატება. წელს კარგი მოსავალი უნდა იყოს თუ ბუნებრივი კატაკლიზმა არ მოხდა.

ყველაზე მნიშვნელოვანია, სავალუტო რყევები არ იყოს ასეთი მაღალი. დოლართან მიმართებით ხან 2.8 ლარზე ჩამოდის ლარის კურსი, მერე კი, ისევ მაღლა მიდის და ბიზნესი ვეღარ იგებს. ასეთი ხშირი რყევები ძალიან ცუდია ჩვენთვის“, - ვანო განაცხადა გოგლიძემ.