მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაბორატორიების უმეტესობას არ შეუძლია, ჩაატაროს ტესტირება ევროპული სტანდარტებით... ვმუშაობთ ამ თემაზე"

6239e1ef66d2c
მარიამ ვარადაშვილი
22.03.22 19:10
1018
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, მთავრობა ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მუშაობს, რათა ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში კერძო სექტორს, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეებს, ხელი შეუწყოს.

„საქართველოში ლაბორატორიების უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს ტესტირება რეგულირებულ სფეროებში ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამ გამოწვევის დასაძლევად პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, კერძოდ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - AA Facility-ის მხარდაჭერით, ვატარებთ კვლევას, რომელიც შეაფასებს შესაბამისობის შეფასების შესაძლებლობებს საქართველოში. აღნიშნული კვლევა გამოყოფს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეს სახელმწიფო, რათა შეიქმნას საჭირო ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ კვლევის შედეგები კარგ საფუძველს შექმნის ევროკავშირისა და საერთაშორის დონორების მომავალი ფინანსური დახმარების მოსაზიდად“,- განაცხადა არველაძემ. 

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაკეთებულ მოხსენებაში არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების სფეროში მიღწეულ შედეგებზე და განაცხადა, რომ DCFTA-ით(ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით) გათვალისწინებული დაახლოების ვალდებულებებიდან საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია ევროკავშირის 12 საკანონმდებლო აქტთან (სულ ვალდებულებაა დავუახლოვდეთ 20 EU აქტს).

მისივე შეფასებით, ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების იმპორტისას ბაზარზე ზედამხედველობის შეუფერხებელი ადმინისტრირების, სტანდარტებისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, სანიტარული და ფიტოსანიტარული, ინტელექტუალური საკუთრების, სახელმწიფო შესყიდვების, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კონკურენციისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.