15.აპრილი .2021 19:51

"ლარი ხელში გვადნება" - გიგა ბედინეიშვილი

"ლარი ხელში გვადნება" - გიგა ბედინეიშვილი
views 653
უკან

ლარი ხელში გვადნება, - ამის შესახებ bm.ge-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

„ლარს რაც ახლა სჭირს არის კარგი გამოხატულება იმის, რაც ეკონომიკას სჭირს და ეკონომიკას, რაც სჭირს არის შედეგი, როგორც პანდემიის, ისე 8 წლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რომელმაც ფაქტიურად ეკონომიკური ზრდა გამორიცხა ქვეყანაში. ლარი მეთოდურად, სისტემურად და ნელ-ნელა უფასურდებოდა ამ ხნის განმავლობაში. ასე რომ, ამას მოკლევადიანი ფაქტორებიც ემატება, რაც არის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, არის სიჯიუტე ხელისუფლების, რომ განიხილოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზები, რაც არის ვადამდელი არჩევნები, ამ ყველაფრის ფონზე სულ არ არის გასაკვირი, რომ ლარი ხელში გვადნება“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ფინანსისტის თქმით, ამ ყველაფერში ეროვნულ ბანკს თავისი წილი პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვს.

„გაუმართლებელია თუნდაც ლარის მასის ასეთი ზრდა, მაგრამ მეორე მხრივ ეროვნული ბანკის მთელი პოლიტიკა, მათ შორის ლარიზაციის, ვითომ მიმართული იყო იქით, რომ ლარის ნდობა გამყარებულიყო, როგოც მოსალოდნელი იყო, ამან დადო საპირისპირო შედეგი, ლარის მიმართ ნდობა შემცირდა“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.


ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის რიგით მეექვსე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა. გამოტანილი თანხიდან ბაზარზე $25.4 მილიონი დოლარი გაიყიდა. ამ სავალუტო აუქციონის შედეგად, დღეს ლარი გამყარდა.

დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის ჭრილში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.62 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1115 ლარი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში სებ-მა ჯამში $212.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა