მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და სავარაუდოდ, არსებობს მისი გამყარების საფუძვლები"

5dd54f73c4a1e
BM.GE
20.11.19 18:34
1446
საქართველოს ბიზნესასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ბიზნესასოციაცია აქცენტს ლარის კურსზე აკეთებს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა ზედმეტად არის გაუფასურებული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს და მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში.

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს, არანაირად არ ასახავს, სინამდვილეში, არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. ამას გარდა, ვფიქრობთ, ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამავე პერიოდში კი ჩვენთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.68 ნიშნულიდან თითქმის 3.0 ლარის ნიშნულამდე დაეცა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ლარის კურსი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი. ლარის დევალვაციით უაღრესად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ აუცილებელია ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ლარის გაცვლითი კურსი გახდეს პროგნოზირებადი და განჭვრეტადი.

ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და, სავარაუდოდ, არსებობს მისი გამყარების საფუძვლები.

მეორე, ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვის დროს, გადასახედია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და, ზოგადად, გასაანალიზებელია, ჩვენს პირობებში რამდენად მიზანშეწონილია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებად ინფლაციის მაჩვენებლის თარგეთირება”,- ნათქვამია განცხადებაში.