01.ოქტომბერი .2019 21:00

"ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით სებ-ი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს ზედმეტად იყენებს"

views 650
უკან

PMCG-ს კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის გიორგი პაპავას განცხადებით, ეკონომისტებს და  პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრას გაცნობითი სახის ხასიათი ჰქონდა და ის კონკრეტულ სიღრმისეულ ანალიზს არ ემსახურებოდა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, სახელმწიფო ბიუროკრატია და ლარის კურსი.

„შეხვედრაზე აქცენტი სოციალურ ნაწილზე გაკეთდა, სადაც ითქვა ის, რომ ბიუჯეტის ხარჯვა გაზრდილია. საუბარი იყო სხვადასხვა მიმართულებებით ეფექტიანობის ზრდაზე. ასევე საუბარი შედგა იმაზე, რომ თუ სახელმწიფო ბიუროკრატიაში ჩავარდნები არსებობს, ის გამოსწორებული უნდა იყოს.

შეხვედრაზე საუბარი ლარის კურსზეც იყო და დამსწრე ადამიანების მოსაზრებით, ის იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორები მეტყველებდეს. აქ საუბარი იყო ეროვნული ბანკის როლზე და კოორდინაციის საჭიროებაზე, მაგრამ კონკრეტულ მექანიზმზე საუბარი არ ყოფილა“ - განაცხადა პაპავამ.

მას მიაჩნია, რომ ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით სებ-ი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს ზედმეტად იყენებს.

„მანამდე ეროვნული ბანკის მხრიდან იყო განცხადება, რომ თუ დავინახეთ, ლარის კურსის გაუფასურება შესაძლოა გადაიზარდოს ინფლაციაში, ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ. მგონია, რომ ზედმეტად ხდება ამ რესურსების გამოყენება და ასევე მგონია, რომ საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს ფაქტორები ლარის კურსზე მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. სებ-ი ძალიან ბევრ ბერკეტს სწრაფ რეჟიმში იყენებს და თუ ამან არ მოგვცა ეფექტი, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება რთული წარმოსადგენი“ - აღნიშნა გიორგი პაპავამ.