მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო საქართველოსთვის" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, "არაკონსტიტუციური ცვლილებები" არ მიიღოს

5ec7ae6f02296
BM.GE
22.05.20 14:45
1065
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა, კახა კოჟორიძემ და ლანა გალდავამ პრესკონფერენცია გამართეს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და "ლელო საქართველოსათვის" სახელით "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, არ მიიღოს "არაკონსტიტუციური ცვლილებები".

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერების განცხადებით, "ქართული ოცნება" აპირებს, კანონში შეიტანოს ცვლილებები, რომელთა თანახმად მთავრობას შეეძლება, პარლამენტის გარეშე შეზღუდოს მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობისა და სხვა უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებები.

"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოხდა კონსტიტუციის პრინციპების დარღვევით და ამასთან დაკავშირებით "ლელომ" სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად სცნო "ლელოს" სარჩელი. ჩვენ ველოდებით არსებით განხილვას, სადაც იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, როგორ უნდა ხდებოდეს საგანგებო მდგომარეობის დროს სამართლებრივი ჩარჩოს დადგენა და ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან და სწორ გზავნილებს მომავალი ხელისუფლებებისთვის, რომ არც დემოკრატიული ღირებულებები და კონსტიტუცია დაირღვეს და არც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
 
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს და პარლამენტს ხელები კი არ უნდა დაებანა და მთელი ძალაუფლება გადაებარებინა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, არამედ პირიქით, თავად კანონს, პრეზიდენტის დეკრეტს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, უნდა განესაზღვრა ძალიან კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა ემოქმედა საქართველოს მთავრობას. პრაქტიკაში ვნახეთ რომ უფლებამოსილების დელეგირებამ კანონიდან მთავრობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუქმნა კონკრეტული პრობლემები, გაუაზრებელი და მძიმე რეგულაციებით.

"დღეს საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კვლავ გვაქვს სერიოზული წუხილი, რომ მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები არ იყოს შეზღუდული საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების ავლით", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, მიუხედავად პროექტში შეტანილი გარკვეული ცვლილებებისა, აღნიშნული კანონპროექტი კვლავ არის საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. უმრავლესობის განცხადება, რომ აღნიშნულ შეზღუდვებს 15 ივლისამდე გავატარებთ, ნიშნავს, რომ 15 ივლისამდე ითხოვენ კონსტიტუციის დარღვევის უფლებამოსილებას. ეს მიუღებელია. კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს არც ერთი თვით და არც ერთი დღით. წერტილი.

"მოქალქეებს მინდა ვუთხრა, რომ მათი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებები, როგორიც არის საკუთრების უფლება, გადაადგილებისა და მიმოსვლის უფლება, შეკრების უფლება - ეს კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ეს უფლებები კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არ შეიძლება შეიზღუდოს მთავრობის ან რომელიმე მინისტრის მიერ გამოცემული აქტით საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე.

"ლელო საქართველოსთვის" იყო პირველი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის საჭიროებაზე დაიწყო საუბარი. დღესაც არ ვართ წინააღმდეგი გონივრული და რაციონალური შეზღუდვების, რომელიც შემუშავებული იქნება ექიმების და შესაბამისი ექსპერტების შეჯერებული პოზიციების საფუძველზე. და ამის შემდეგ პარლამენტმა - ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის ჩართულობით უნდა მიიღოს ამ ტიპის შეზღუდვები", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კახა კოჟორიძის განცხადებით, შეზღუდვების გამოყენება ხდება შერჩევითად - მძიმე ჯარიმა დაეკისრა ათასობით მოქალაქეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წევრები და მათთან დაახლოებული პირები სისტემატურად არღვევენ კანონს და არცერთი უწყება ამაზე რეაგირებას არ ახდენს.

ლანა გალდავას განცხადებით, მსგავსი ცვლილებები კანონში ამხნევებს ხელისუფლებას, რომელსაც კურსი აღებული აქვს ავტორიტარული მმართველობისაკენ.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის გაფრთხილება საგანგებო მდგომარეობის და მისი ღონისძიებების შესახებ. ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ჩვენ უნდა მივიღოთ შეჯერებული კანონპროექტი, რომელიც დამუშავდება ექიმების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წრეში", - განაცხადა ლანა გალდავამ.