მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" ივანიშვილს: საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა დატოვოს

5df629dc54567
BM.GE
15.12.19 16:40
1165
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას მოითხოვს და ამისთვის "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართავს. 

"კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვოს "ქართული ოცნების" პარტიის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ. ასევე საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს.

"ქართული ოცნების", საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაცია და მისი ოჯახის შეურაცხყოფა მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველი ქმედებაა.

"ქართული ოცნების" პარტიის წევრის თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ამორალური განცხადება სხვა არაფერია თუ არა, ექიმის პროფესიული და პატრიოტული ნაბიჯის დისკრედიტაცია.

ხელისუფლება და მისი კონკრეტული წარმომადგენლები ვაჟა ექიმის ოჯახის წევრების პროვოკატორებად მონათვლის ხარჯზე ცდილობენ გადაფარონ თავიანთი უუნარობა და შეგნებული უმოქმედობა!

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის განცხადება ნათელი გამოვლინებაა იმ პოზიციისა, თუ რას ფიქრობს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ ეხება ერთ ადამიანს და ერთ ოჯახს, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა. ეს პირდაპირი იერიშია ადამიანზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე.

ვაჟა ექიმის მიმართ დაწყებული სიცრუის ტირაჟირება ღირსების შემლახველია. უღირსი საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა დაუყოვნებლივ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვოს "ქართული ოცნების" პარტიის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ. ასევე საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს", – ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში.