მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" „ოცნებას“ და პრეზიდენტს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად მოქმედებისკენ მოუწოდებს

5f4cd6891bb89
ინგა მურუსიძე
31.08.20 15:00
701
"თუ ოცნება არ იმოქმედებს, ღიად დასვამს ტოლობის ნიშანს საკუთარ თავსა და "პატრიოტთა ალიანსის" ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის", - განცხადება ქუთაისში, 8 აგვისტოს მემორიალთან "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა და იმერეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ანა ნაცვლიშვილმა, თორნიკე ართქმელაძემ და ანა ბიბილაშვილმა გააკეთეს.

"ლელოს" ლიდერები „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა.

„პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერებმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აჭარის ა/რ-ში გაჩნდა საჯარო სივრცეში სლოგანით: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“, რომელზეც აჭარა აღნიშნული იყო წითელ ფერში, ისევე როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო, საზოგადოებაში ლეგიტიმური აღშფოთება გამოიწვია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ის პრეზიდენტს, მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, რომ დაიცვან სახელმწიფო და იმოქმედონ შესაბამისად. ნაცვლიშვილის თქმით, პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, არაკონსტიტუციურ ძალად და ამ მიმართულებით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა.

„მოვითხოვთ - საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისაგან დაიწყოს პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების სამართლებრივი პროცედურა! წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ურყევად დაადასტურებს, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ღიად და დაუფარავად ატარებს პრო-რუსულ კურსს საქართველოში! აღნიშნული კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ არც რუსეთის დუმის დეპუტატის ჩაბრძანება მომხდარა ექსპრომტად საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, რასაც მოჰყვა 20-21 ივნისის მძიმე მსხვერპლი და ტრაგიკული მოვლენები,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკა და რიტორიკა როგორც აჭარაში, ასევე დანარჩენ საქართველოში ხშირად ეფუძნება საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას და ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სულისკვეთებასა და კონსტიტუციურ პრინციპებს.

„ცოტა ხნის წინ ამ პარტიის ლიდერები კანონდარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდნენ; ასევე საჯარო სივრცეში გაჟღერდა ინფორმაცია პარტიის მიერ რუსული დაფინანსების მიღების თაობაზეც. რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, ვერ გახდება ზერელე მსჯელობის საგანი: ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოება ფორმალურად მაინც არსებობს, ეს ინფორმაცია უნდა გახდეს ოფიციალური გამოძიების საგანი. ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების ან დისკრეციის საკითხი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია! ხელისუფლება ვალდებულია რეაგირება მოახდინოს აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის მაღალჩნოსანთა „ფეისბუქ“ პოსტები არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს, დაიცვან სახელმწიფო ინტერესი და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების მოთხოვნით,“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზეც, თუ ხელისუფლება არ იმოქმედებს. „ქართული ოცნება“ შექმნის ურყევ მტკიცებულებას იმისას, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, რომელიც ღიად და დაუფარავად ატარებს პრო-რუსულ კურსს საქართველოში.

„დაჟინებით მოვითხოვთ, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და იმოქმედოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების და არა მეხუთე კოლონის გეგმის ფარგლებში,“- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
NS