მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის

609e8bb60a2c8
BM.GE
14.05.21 18:34
1497
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის, ამის შესახებ განცხადება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. პარტია აპირებს შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები.

"საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი" ამბობს ამ იდეის ავტორი მამუკა ხაზარაძე.

"ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული გამართულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია. შედეგად შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა და არ ვითარდება ბიზნესი. საქართველოს საფონდო ბირჟა კი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ხერხემალია, ვერ ვითარდება და გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. ის ფაქტი, რომ ბირჟაზე ბოლო 2 თვეში არცერთი გარიგება არ განხორციელებულა, მის მდგომარეობას ნათლად ასახავს.

საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ამასთანავე, მამუკა ხაზარაძის თქმით, პროცესი ღიაა დარგის ექსპერტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

7 მაისს მამუკა ხაზარაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული საფონდო ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ კაპიტალის ბაზრის რეგულირება ეროვნულ ბანკს გამოეყოს.  მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი არეგულირებს როგორც საფინანსო ბაზარს, ასევე კომერციულ ბანკებს, ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. 

"ბიზნესის განვითარებას დღეს ხელს გრძელი ფულის ნაკლებობა უშლის და კერძო სექტორის დაფინანსების ერთადერთი წყარო არის საბანკო სექტორი. ამიტომ სანამ არ ჩამოყალიბდება კაპიტალის ბაზარი და არ მოხდება საკრედიტო-საფინანსო ინფრასტრუქტურის რეფორმა, სანამ არ გამოეყოფა კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ორგანო ეროვნულ ბანკს და დღეს ეს არის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი და ის არ გახდება ცალკე დამოუკიდებელი მოთამაშე, ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი არ განვითარდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.